განათლების სამინისტრო თსუ-ს ქუთაისის პროფესიული განათლების ცენტრის რეაბილიტაციას 1,3 მლნ ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელიც ცენტრს ესტუმრა, სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მათ ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვა.
მინისტრმა თსუ-ის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ცენტრს 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გადაეცემა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს თსუ-ის პროფესიულ პროგრამებზე თბილისისა და ქუთაისის ცენტრებში, ჯამში 18 პროგრამაზე 500-მდე სტუდენტმა დაიწყო სწავლა. მათ შორის, ქუთაისში 260 სტუდენტი ისწავლის. 2025 წელს თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრმა მიღება გამოაცხადა პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, საექთნო განათლება, Front-End დეველოპმენტი, ტვირთების ექსპედირება, საწყობის ოპერირება და ღონისძიების ორგანიზება.
“თსუ-ის პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ 2025 წლის მიღებაზე 2 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თსუ-ში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს“, - იტყობინება განათლების სამინისტრო.




























