საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე პროფესიულ განათლებაში 2020 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორ bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს გაერთიანებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის სრულყოფა და 2021 წლის იანვრიდან სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა, ასევე, აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო დონის პროფესიული სკოლების პროექტებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან, მაგალითად, კახეთში ღვინის და კულინარიის სკოლები, დუშეთში ტურიზმის სკოლა, ხოლო თბილისში საინჟინრო მიმართულების ცენტრი. გარდა ამისა, მიმდინარეობს კოლეჯების ქსელის განვითარება მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმსა და წყალტუბოში.
მისივე თქმით, წარმატებით განხორციელდა პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგია და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს.
„გარდა ამისა, საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა (უნარების სააგენტო) და ამით დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების სრულიად ახალი ეტაპი”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
უფრო დეტალურად, რას გულისხმობს უნარების სააგენტოს შექმნა, რა დაფინანსება და ამოცანები ექნება მას, bm.ge დამატებით მოიკითხავს.




























