მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს - პრემიერი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება და უახლოეს დღეებში სამინისტრო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.

„განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება. დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული. დოკუმენტში არის დეტალურად გაწერილი ეს ყველაფერი.

ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა გაუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე. რომელიც სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის სრულფასოვან ცოდნას დაეუფლება, განმსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელსაც ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და სათანადოდ გააზრებული ექნება შემწყნარებლობისა და სამართლიანობის პრინციპები და რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე სამყაროში. ასეა გაწერილი ეს მიზნები იმ პროექტში, რომელიც არის მომზადებული განათლების სამინისტროს მიერ. უახლოეს დღეებში სამინისტრო უკვე დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სისტემის განვითარება სწორ ღირებულებებს დაეფუძნოს, რისთვისაც ეროვნული მიზნების დოკუმენტის სათანადო გაწერას, ბუნებრივია საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. მადლობა განათლების სამინისტროს უკვე გაწეული სამუშაოსთვის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მოვახერხებთ ისეთი დოკუმენტის მიღებას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენს ინტერესებს ზოგადი განათლების სფეროში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები