მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრომ და UNICEF-მა სასკოლო კვების პროგრამის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

62ea5e9f1f42a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.08.22 15:45
1049
საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

„მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, სასკოლო კვების პროგრამის საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ. კერძოდ, საგანგებოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გააანალიზებს სასკოლო კვების პროგრამების მსოფლიო პრაქტიკებს, ჩაატარებს სიტუაციურ ანალიზსა და შეაფასებს არსებულ ვითარებას ლოკალური ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. მხარეები ასევე შეიმუშავებენ სასკოლო კვების შესაძლო მოდელებსა და ხარისხობრივ სტანდარტებს, საკანონმდებლო/მარეგულირებელ ბაზებს და ჯანსაღი კვების კურიკულუმს. გარდა ამისა, დოკუმენტი, სასკოლო კვების პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასშტაბური კამპანიის ჩატარებასაც ითვალისწინებს“, - ნათქვამია განათლების სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

UNICEF-ი აქტიურად იქნება ჩართული პროექტის შემუშავებისა და იმპლემენტაციის მიმართულებით.

ცნობისთვის: სკოლებში უფასო კვება დანერგვის დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ მას შემდეგ გასცა, რაც იგივე შინაარსის ბანერი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმაც გააჟღერეს. გასული წელს განათლების სამინისტროში კი აცხადებდნენ, რომ სასკოლო კვების პროგრამაზე სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით რამდენიმე მოდელიდან ერთ-ერთის არჩევა მოხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები