"ევროპული განათლების ასოციაციის" თავმჯდომარე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრის დანიშვნას აფასებს. გიორგი აგირბაია ფიქრობს, რომ სექტორს უფრო მცოდნე ადამიანი სჭირდება.
"ვფიქრობ, სხვადასხვა პოსტზე ისეთი ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ, რომლებსაც სხვადასხვა საფეხური გავლილი აქვთ. რადგან განათლების მინისტრზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, მას ამ სფეროს ცნობის მყარი საფუძველი ჰქონდეს. შეიძლება, განათლების სექტორში კონკრეტული პერიოდი გატარებული აქვს, მაგრამ დიდი გამოწვევების კვალობაზე, რაც საქართველოს განათლების სისტემაშია, უფრო კარგად ჩახედული, მცოდნეა ადამიანია საჭირო", - განაცხადა გიორგი აგირბაიამ.
როგორც "ევროპული განათლების ასოციაციის" თავმჯდომარე აღნიშნავს, მინისტრები ხშირად არ უნდა იცვლებოდნენ. მისი თქმით, მიუხედავად ამბიციებისა, შედეგები არ ჩანს.
"განათლების სისტემა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი დიდი აქილევსის ქუსლია. განვითარებადი ქვეყანა ვართ, შესაბამისად, სისტემური მიდგომები მნიშვნელოვანია. მინისტრები ასე ხშირად არ უნდა იცვლებოდნენ. ვფიქრობ, დიდი გამოწვევები არის. მინისტრები ამბიციური გეგმებით მოდიან, მაგრამ როგორც ვხედავთ, შედეგები არც ისე შთამბეჭდავია. ახალი მინისტრს წარმატებები მინდა ვუსურვო, მაგრამ სექტორთა შორის თანამშრომლობა აუცილებელია. აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო სექტორთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც განათლების მიმართულებით მუშაობენ. სწორედ ევროპული გამოცდილების გაზიარებით, მნიშვნელოვანი იქნება, არსებული სურათის შეცვლა და სიტუაციის გაჯანსაღება", - აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძემ განათლების ახალი მინისტრი დღეს წარადგინა. ალექსანდრე წულაძე "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მეშვიდე მინისტრია.