"თუ სასკოლო განათლებას თანამედროვე მოთხოვნებს არ შევუსაბამებთ, უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებს აზრი არ აქვს" , - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ირა ჭელიძე "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტს, რომლის მიხედვით, 2025 წლიდან, რიგ მიმართულებებზე, ბაკალავრიატზე სწავლა, შესაძლოა, 3-წლიანი, მაგისტრატურაზე კი 1-წლიანი გახდეს.
"ჩვენი განათლების სისტემა გაუმართავია და ეს სკოლიდან მოდის. სკოლა ადამიანს იმ ხარისხის განათლებას არ აძლევს, რის საფუძველზეც სწავლა უნივერსიტეტში უნდა გააგრძელოს. სანამ პრობლემა არ გამოსწორდება, რაც არ უნდა ცვლილება შევიდეს, აზრი არ აქვს. სისტემას საფუძველი თუ არ გაუმართე, ზემოდან რას დააშენებ, აზრს მოკლებულია", - განაცხადა ირა ჭელიძემ.
როგორც ირა ჭელიძე აღნიშნავს, უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები, რომლებსაც სასკოლო განათლება, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ.
"გვაქვს შეგრძნება, [განათლების სისტემა] ბანქოს დახლს ჰგავს, რომელსაც წკიპურტს წაკრავ და ჩამოგეშლება. მყოლია და მყავს კარგი სტუდენტები, რომლებმაც ოჯახში ან თავისით ისწავლეს, მაგრამ მყოლია და მყავს სტუდენტები, რომლებთანაც "აი იას" დონეზე დაწყება მჭირდება, რადგან აბსოლუტურად სტერილირებულები არიან. ეს მათი ბრალი არ არის, იმ საბაზისო განათლების ბრალია, რომელიც არ გვივარგა", - განაცხადა ირა ჭელიძემ.