ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამაში - ინდივიდუალური ექსპო გრანტი, განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება. ამის შესახებ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში განხორციელდა ცვლილებები, რაც სააგენტოს განცხადებით, უფრო მეტ ექსპორტიორს მისცემს შესაძლებლობას გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და გააფართოოს კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან. კერძოდ, 2025 წლიდან თითოეული კომპანიისთვის წლიურად ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 5,000-დან (დოლარი, ევრო, ფუნტი) 10,000-მდე გაიზარდა. ამასთან, გარდა მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებისა, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება მეორე კატეგორიის კომპანიებისთვისაც (აუნაზღაურდებათ ხარჯების 60%).
თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია საწარმოს ზომით კატეგორიაზე.
ცნობისთვის, საწარმოს ზომით კატეგორიებს განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.
ჯამში, 2025 წლისთვის, ამ გრანტზე 750 000 ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება სამიზნე საექსპორტო ქვეყნებს, მათ შორის არის ევროკავშირის ქვეყნები, ასევე, აშშ, ჩინეთი, კანადა, იაპონია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი, უზბეკეთი, ბრაზილია, ისრაელი, ინდოეთი და სხვა. ასევე სომხეთიც და აზერბაიჯანიც, თუმცა ეს ორი ქვეყანა მხოლოდ სამშენებლო მასალების მწარმოებლებისთვისაა განსაზღვრული.
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამა 2024 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენებს, სააგენტო კი კომპანიის კატეგორიის მიხედვით კვალიფიციური ხარჯების 60%-90% ანაზღაურებს. კვალიფიციური ხარჯი შეიძლება იყოს სივრცის ქირავნობა, სტენდის მშენებლობა და სავალდებულო მარკეტინგული ხარჯები.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ცნობით, ამ დროისათვის პროგრამით უკვე ისარგებლა 30-მდე მეწარმემ.
პროგრამა ექსპორტზე ორიენტირებულ თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ესენია: საკვები და სასმელი ინდუსტრია, ტანსაცმელი, ტყავი და მისი ნაწარმი, სათამაშოები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები და სხვა.