საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლოა, გადასახადისგან გათავისუფლდეს 700 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი, ნაცვლად 300 ლარის ღირებულებისა.
შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში უნდა შევიდეს. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის ოპოზოციონერი წევრები ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი არიან.
განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს თან ერთვის, აღნიშნულია, რომ 300-ლარიანი ლიმიტი დადგენილია 2009 წელს და მას შემდეგ ქვეყანაში მკვეთრად შეიცვალა ლარის კურსი და მოსახლეობამ ამ საკითხზე არაერთი პეტიცია შეადგინა.
"ლიმიტის გაზრდის აუცილებლობა გამოწვეულია ლარის კურსის გაუფასურებით უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და ქვეყნის გარეთ ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების მიზანშეწონილობით“, - ნათქვამია კანონპროექტის ბარათში.
ინიციატორი აცხადებენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მცირე მეწარმეებზე, რომლებიც ონლაინ-ვაჭრობენ, თუმცა მცირე მასშტაბებით.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილების გავლენას საბიუჯეტო შემოსავლებზე, განმარტებით ბარათში მოცემულია გარკვეული დაანგარიშებები, შემოსავლის კლების კუთხით.
„წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იმპორტის გადასახადის, არამედ დღგ-ს კუთხითაც, რომლის 81% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 19% - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამისად, კანონპროექტის გავლენა აისახება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზეც შემცირების კუთხით.
კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საფოსტო გზავნილების შემთხვევაში 300-ლარიდან 700 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (სეს ესნ 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) დაბეგვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში იმპორტისა და დამატებული ღირებულების გადასახადების სახით შემოსული თანხის ოდენობა 2019-2021 წელს 17 მლნ-მდე ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიღების შემთხვევაში, იმ დაშვებით, რომ დაახლოებით იგივე რაოდენობის 300-ლარიდან 700 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონელი დაიბეგრება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ჯამურად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით, შემცირდება წლიურად საშუალოდ 6 მლნ ლარით, თუმცა შემცირების ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ონლაინვაჭრობის ან სხვა ტიპის კომერციული საქმიანობის ოდენობაზე“, - წერია განმარტებით ბარათში.