მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განიხილება ნაპრალებიანი ფერდის ჩამოჭრა“ - ჩხობაძე რიკოთზე გადაადგილების უსაფრთხოებაზე

მწვანეები

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რიკოთზე გაზაფხულიდან გართულებული მდგომარეობის გამო, ადგილზე დამატებითი კვლევები ჩატარდა, რომელშიც უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები იყვნენ ჩართულები.

კვლევის შედეგებიდან და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კი გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე ნაპრალებიანი ფერდის ჩამოჭრას განიხილავს, რომელიც მშენებლობის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის, თუმცა რისკებს ამცირებს.

„უნდა გავიხსენოთ, რომ 1970-იანებში როცა ამ გზას განახლებას უკეთებდნენ, იქ აფეთქებებით იარეს და აფეთქებებმა გამოიწვია ის ნაპრალები, რამაც ახალი მშენებლობისას მეწყრული პროცესები უფრო დაძრა.

დღეს ამის გადაწყვეტა რამდენიმეა, ერთ-ერთი არის საფრთხის მოცილება, ანუ მეწყრული პროცესების გაჩერება. ახლა რომ გაიაროთ, ნახავთ რამხელა პროცესები მიმდინარეობს, რაც მანამდე უნდა გაკეთებულიყო. ახლა გეგმავენ დამატებითი გზების გაკეთებას, იმისთვის, რომ იქ სადაც საფრთხეა, ის ნელ-ნელა ჩამოხსნან, ანუ დახრილობა უფრო ნაკლები გახდეს, მოხსნან რაღაცა მონაკვეთებიდან მიწის ზედაპირი იმისთვის, რომ ჩამოშლა აღარ ხდებოდეს, ტრასა უნდა იყოს უსაფრთხო, იმიტომ რომ  ამ გზის მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში 2-3-ჯერ გაზრდილია.

ეს გადაწყვეტა გარკვეულ უსაფრთხოებას მოგვცემს, ამის პროექტირება ახლა მიდის და იმედია უწყება სექტორთან და სპეციალისტებთან ერთად საჯარო განხილვებს გამართავს. მათთან ერთად ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება ყველა უბანზე უნდა იყოს მიღებული და ამაზე მიდის ახლა მუშაობა. ცხადია, რომ მეტი სამუშაოების შესრულება დასჭირდათ და ამის გაკეთება ახლა ჯდება გაცილებით ძვირი", - აცხადებს ჩხობაძე. 

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ ტრასას გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები აქვს, მაგალითად კი მოჰყავს ზესტაფონთან არსებული მონაკვეთი, გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდი და ამბობს: "ის, რაც დააკლდა გეოლოგიურ ნაწილში, გამოჩნდა ყველა მშენებლობის დროს და ეს მნიშვნელოვანია სამომავლო პროექტების დაგეგვმისას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ყველა ადგილი გადამოწმებული უნდა იყოს. გაკეთებულ მონაკვეთებზე მონიტორინგის ჩატარება აუცილებელია, რადგან როცა ტრასაზე მიდიხარ, ხედავ რომ ფერდებზე ინტენსიური წვიმების დროს გამაგრებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია. ეს პრობლემები არ უნდა იყოს, სანიაღვრე სისტემები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ტრასაზე წყალი არ უნდა დგებოდეს. ის რომ გასასვლელი არ აქვს წყალს, აი ეს არის პრობლემა. ძველ ტრასებს უკეთდებოდა სპეციალური გასასვლელი არხები, ახლაც მოუწევთ დამატებით მათ ამის გაკეთება.

ყველა მდინარის გადაკვეთა რომელიც გაკეთებულია ტრასის მიხედვით, ყველა სარისკოა, იმიტომ რომ ყველა მდინარე არის მთის და ღვარცოფული ან მეწყრული. ამიტომ განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ, ყველა ეს მდინარე უნდა იყოს მდგრადობასთან მიმართებით ახლიდან გადახედილი“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

6 თვიანი შეზღუდვის შემდეგ, რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა 24 სთ-იან რეჟიმში 12 ოქტომბრიდან აღდგა. საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები რჩება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტისთვის. მათთვის რიკოთზე ორმხრივად გადაადგილება, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე  იქნება დაშვებული.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცვლილების მიზეზი ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ მოძრაობის ინტენსივობის საგრძნობლად შემცირებაა. ამასთან, ოფიციალურ რელიზში ნათქვამია, რომ დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები