მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განხორციელდება თუ არა კატარი-თურქეთი-ევროპის გაზსადენის პროექტი?

Qatar gas

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცა, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდებას მოიცავს კატარი-თურქეთი-ევროპის გაზსადენია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა წლების განმავლობაში, რეგიონული პოლიტიკური კონფლიქტების გამო, შეჩერებული იყო, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის გამო, შესაძლოა, გეგმის განახლებისა და პროექტის განხორციელების იმედი გაჩნდეს.

პროექტი კატარი-არაბეთი-იორდანია-სირია-თურქეთის 2,500-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს, რომლის შემდეგ, კატარული წარმოშობის გაზი თურქული პორტებიდან ევროკავშირის ქვეყნებში უნდა განაწილდეს, რაც რუსული მიწოდების ჯაჭვის ალტერნატივას წარმოადგენს.

გაზსადენის შექმნის იდეა პირველად 2009 წელს გაჩნდა, როდესაც კატარმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბუნებრივი გაზის ექსპორტიორმა, თურქეთის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების სურვილი გამოთქვა. პროექტი მიზნად ისახავდა ევროპის დამოკიდებულების შემცირებას რუსულ გაზზე და კატარის როლის გაძლიერებას გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე. თუმცა, სირია, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო გაზსადენის გატარებისთვის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პირობებში რუსეთის მოკავშირედ რჩებოდა და კატარის გეგმას მხარს არ უჭერდა. 2011 წელს სირიაში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა გაზსადენის პროექტი საბოლოოდ შეაჩერა. ამასთან, თურქეთი და კატარი სირიის ოპოზიციას უჭერდნენ მხარს, რაც გაზსადენის პროექტს კიდევ უფრო მეტად არარეალისტურს ხდიდა.

ექსპერტების შეფასებით, ალ-ასადის რეჟიმის დამხობის გამო, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სირიაში პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნის ახალი ფაზა დაიწყოს. ასეთ ვითარებაში, გაზსადენის პროექტი შეიძლება განახლდეს, როგორც რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ძლიერი ინსტრუმენტი, მაგრამ დანამდვილებით რამის თქმა რთულია, რადგან პოლიტიკურად არასტაბილურ სირიაში მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებაზე ჯერ მზად არცერთი მხარე არ არის, თუმცა იმედის ნაპერწკალი არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები