კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ცესკოს წინასწარი შედეგებით „განრისხებულები არიან“.
ამის შესახებ მან კოალიციის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს“, - განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, კოალიცია იბრძვის თითოეული მოქალაქის ხმის დასაცავად.
„ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
„რაც ცესკომ გამოაცხადა, აცდენილია ჩვენი მოქალაქეების ნებას. ეს არის მანიპულაციების, დაშინების და უკანონო ინსტრუმენტებით მიღებული შედეგი და ვერ იქნება მოქალაქეთა ნების ამსახველი. ჩვენ გვავალდებულებს მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ, ვიბრძოლოთ თითოეული ხმის დასაცავად“, – განაცხადა ასევე ბადრი ჯაფარიძემ.