ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს მარიამ ქვრივიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლეა გუტიერეზმა.
სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მონაწილეობდნენ.
"მარიამ ქვრივიშვილმა ADB-ის წარმომადგენლებს საქართველოს ტრანსპორტის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობის ხედვა გააცნო იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ მომავალი წლების ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკის მიერ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის შემუშავებაზე გამოცხადებულ ტენდერში განსაკუთრებულად მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და ამჟამად მიმდინარეობს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციასა და მოძრავი შემადგენლობის განახლებასთან დაკავშირებულ გეგმებზე - საუბარია 50 ახალი ლოკომოტივის შეძენაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ექსპლუატაციის ეფექტურობას, საიმედოობას, გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების ზრდას.
ქართული მხარის განცხადებით, რკინიგზამ, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ხერხემალია, ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად გარდაქმნაში, რაც ასევე გულისხმობს შუა დერეფანში საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ძირითადი სატრანზიტო ქვეყნის როლის გაზრდას", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



























