მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განსხვავებით პოლიტიკოსებისგან, არასამთავრობოები საკუთარი მიღწევებით არ კეკლუცობენ - მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე

„მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ როდესაც ხედავენ გამდიდრებულ ჩინოვნიკებს, რომელთა გამდიდრების ერთადერთი წყარო, ფაქტობრივად, ბიუჯეტის ფულის გამოხვრაა, ამაზე ანგარიშებს სწორედ არასამთავრობოები აქვეყნებდნენ“ - ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა.

„დემოკრატიის მცველები“ იმ 7 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას შორისაა, რომელსაც პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა. პროკურატურამ ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გაზაფხულის აქციების დროს, მათ აქციის მონაწილეებისთვის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები შეიძინეს და ასევე, დახმარება გაუწიეს დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში და დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს.

„ეს არაა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის მიზანში ამოღება - ესაა დემოკრატიის მიზანში ამოღება“, - ამბობს „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე და იქვე დასძენს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, ქართული არასამთავრობოების საქმიანობას გააგრძელებენ.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან დიდი როლი აქვთ იმაში, რომ სახელმწიფოში დემოკრატია ძლიერდებოდეს. ადამიანები უკეთესად იყვნენ დაცულები და თითოეული ჯგუფის ინტერესი, რომელსაც შეიძლება, პოლიტიკოსები სათანადოდ ვერ იცავდნენ, მათ მიერ იქნეს მხარდაჭერილი.

გარდა ამისა, ქართული არასამთავრობოები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამაყად აკეთებდნენ ქართულ საქმეს, იბრძოდნენ თავგანწირვით და ბევრი სიკეთე, რომლითაც დღეს ჩვენი საზოგადოება სარგებლობს, სწორედ მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია; განსხვავებით პოლიტიკოსებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი მიღწევებით არ კეკლუცობენ საზოგადოების წინაშე, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ როცა სახელმწიფო შეავიწროვებდა ადამიანს, როცა მოქალაქეს დაცვა სჭირდებოდა, როცა ვინმეს უკანონოდ დააპატამირებდნენ, პირველი სწორედ არასამთავრობოები ახსენდებოდათ ადამიანებს“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ანგარიშების დაყადაღება არაა მთავარი... სანამ შეგვეძლება, გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს - გიორგი მშვენიერაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები