საქართველოში სასტუმროების ფასების კლების ტენდენცია გრძელდება. დარგის სპეციალისტების შეფასებით, არასეზონური პერიოდის გარდა, ამის მთავარი მიზეზი ბაზარზე შექმნილი ჭარბი მიწოდება და არაჯანსაღი კონკურენციაა. კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი, ქეთი ამირბარი გადაცემა „საქმის კურსში“ აცხადებს, რომ ბაზარი გაჯერებულია განთავსების ობიექტებით, რაც ფასების მუდმივ დემპინგს იწვევს.
მისი თქმით, სასტუმროებს კონკურენციაში შესვლა უწევთ არა მხოლოდ სხვა სასტუმროებთან, არამედ დღიურად გასაქირავებელ ბინებთან და კერძო სახლებთან, რომელთა რაოდენობაც ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა.
“რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რაც განაპირობებს სასტუმრო ნომრებზე ფასების კლებას. პირველი არის ალბათ ის, რომ ახლა არ ვართ სეზონის პიკში და ნუ ძალიან ლოგიკური ამბავია რომ ფასები დაკლებულია. მეორე არის ის, რომ კონკურენციამ ძალიან იმატა და ძალიან გაჯერდა ბაზარი. სასტუმრო ბაზარი გაჯერებულია ობიექტებით, სადაც შეიძლება განთავსება და ეს არ გულისხმობს მხოლოდ სასტუმროს, ეს გულისხმობს დასასვენებელ სახლებს, კერძო სახლებს, რომელიც პირდაპირ კონკურენციაში შედის სასტუმროებთან, მათაც ის სეგმენტი ჰყავთ, რომელიც ჩვენ გვყავს, ვგულისხმობ საშუალო სეგმენტს. ფასები არის მუდმივ დემპინგში.
განსაკუთრებით ეს სიტუაცია არის ხოლმე კახეთის რეგიონში, თბილისშიც ხდება ხოლმე, მაგრამ თბილისი ასე თუ ისე მაინც დასტაბილურებულია. უფრო რეგიონებში გვაქვს ეს პრობლემა. კონკურენციაში არის შემოსული Airbnb, სადაც მაგალითად 9000 ახალი კერძო სახლია დამატებული. ასეთი ობიექტებისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია. შესაბამისად, ყველა ეს პატარა დეტალი და აქტივობა ხელს უშლის ფასების დასტაბილურებას.”-ამბობს კომპანია “ამირბარის” დამფუძნებელი ქეთი ამირბარი.
ცნობისთვის, ბოლო სამი თვეა საქართველოში სასტუმროების ფასები კლებას აჩვენებს. PMCG-ის მონაცემებით, სექტემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 1.8%-ით, ოქტომბერში, 2.3%-ით, ნოემბერში კი, 4.2%-ით შემცირდა. უფრო დიდია კლება თვიურ ჭრილში. კერძოდ, სექტემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი აგვისტოსთან შედარებით 9.2%-ით შემცირდა, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 9.6%-იანი, ნოემბერში კი 5.9%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 390 ლარი იყო. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა თბილისში - 531 ლარი, კახეთში - 451 ლარი და შიდა ქართლში - 449 ლარი.




























