მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განცხადებები, რომ საქართველო კვლავ მიიწევს EU-ის გზაზე, სიმართლეს არ შეესაბამება - ნიდერლანდების ელჩი

ნიდერლანდების ელჩი
20.11.24 11:04
96

ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ იმავე პოზიციას იმეორებს ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელი 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სადაც ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

„ევროკომისიამ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. არ ვიცი, ამაზე უფრო გარკვევით როგორ შეგვიძლია ვთქვათ. ასე რომ, ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს არავინ აიძულებს გახდეს ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება საქართველოს გადაწყვეტილება იყო, მაგრამ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას აცხადებს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ევროკავშირის წევრობის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და უმცირესობების დაცვა”, - განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა.

მელინე არაკელიანმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა ფოკუსირდეს ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“ შესრულებაზე და ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი არ ექნება იმ დრომდე, სანამ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შენებაში რეალური პროგრესი არ ექნება.

„ეს არის ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომლებიც გადამწყვეტია ამ პროცესში. ასე რომ, სანამ ამ სფეროში გაუარესებაა, საერთო პროგრესზე საუბარი არ შეიძლება იყოს, თუნდაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები უფრო ტექნიკურ საკითხებზე. ეს შეგვიძლია, შევადაროთ სახლს, რომელიც საჭიროებს შეკეთებას. თუ სახლის საძირკველი ირყევა და გადაწყვეტთ მხოლოდ სახლის კედლების შეღებვას, ეს მაინც არ იქნება მყარი სახლი. მინდა დავამატო, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებლობის მომენტიდან საქართველოს ეხმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შენებაში. ამიტომ, როგორც საქართველოს მეგობრისთვის, ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ამ სფეროში საპირისპირო მიმართულებით განვითარების ყურება“, - განაცხადა დიპლომატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები