ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების რეფორმის ფარგლებში თბილისისა და რეგიონების ავტოსადგურების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილისა და სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბრის მთავარი თემა ავტოსადგურების სერტიფიცირების საკითხი იყო. გურამიშვილი ამბობს, რომ გამოითქვა მოსაზრებები რეფორმის განხორციელების ვადებზე, რასაც უწყება განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მიმდინარე რეფორმა ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ავტოგადამზიდავების მიერ გარკვეული მოთხოვნების შესრულებას. გამოითქვა აზრი რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - ძირითადად ეს ეხებოდა რეფორმის განხორციელების ვადებს. ჩვენ განვიხილავთ ამ მოსაზრებებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საუკეთესო როგორც რეფორმის მიზნებისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, ავტოსადგურებისა და ავტოგადამზიდავებისთვის“,- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წლის 1 ივნისიდან ქვეყნის შიდა რეგულარული, საერთაშორისო რეგულარული და არარეგულარული სატრანსპორტო ოპერაციები, მხოლოდ სერტიფიცირებულ ავტოსადგურებს შორის განხორციელდება. თავის მხრივ ავტოსადგურები დააკმაყოფილებენ კლასისთვის დადგენილ ინფრასტრუქტურულ თუ სხვა მნიშვნელოვან მოთხოვნებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში წინასწარ რეგისტრაციას დაექვემდებარება მგზავრთა გადაყვანის მარშრუტები და ავტოსადგურის ოპერირების განრიგებიც.
ავტოსადგურების რეფორმის პროცესში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთვება - დეტალები