მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვიხილავთ "ოცნების" ქმედებების შედეგებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე - საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი

სგპ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. საერთო განცხადებაში "ვეიმარის სამკუთხედის" ქვეყნები გმობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ხელისუფლებას პროცესების დეესკალაციისკენ, სამოქალაქო და ოპოზიციურ საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ, ვეიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვწუხვართ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ სვლა და უარი თქვან ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რაც მათ კონსტიტუციაშია ასახული.

ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში შიდა და გარე არასტაბილურობას იწვევს. ვაფიქსირებთ ჩვენს მყარ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.

მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების მიზანში ამოღებას. ვგმობთ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში ჩატარებულ ჩხრეკებს, პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას და მოგიწოდებთ მათი დაუყოვნებლივი განთავისუფლებისკენ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით უნდა იყოს დაცული.

მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" პროცესების დეესკალაციისკენ და პოლიტიკური და სოციალური საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის გახსნისკენ.

ვთვლით, რომ 2024 წლის დასაწყისიდან "ქართული ოცნების" სამოქმედო კურსმა და ევროკავშირში გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერებამ, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია.

ამ საკითხს ყურადღებას დავუთმობთ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე იმისთვის, რომ საჭირო ზომები ევროკავშირის დონეზე გატარდეს. დამატებით, განვიხილავთ "ქართული ოცნების" ქმედებების შედეგებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც დღეს ცნობილი გახდა, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები