მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მთავრობას პროცესები არასწორი მიმართულებით მიჰყავს - კალასი

კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში მიმდინარე შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს მთავრობას პროცესები არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

"ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამ საკითხისადმი ჩვენი მიდგომა ძალიან მკაფიოა მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც პროცესები არასწორი მიმართულებით მიჰყავს", - თქვა კალასმა.

ჟურნალისტის კითხვაზე თავიდან დადგება თუ არა ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხი მას შემდეგ, რაც უნგრეთში მთავრობა შეიცვალა, კალასი პასუხობს, რომ უნგრეთის მომავალი მთავრობის ნაცვლად ვერ ისაუბრებს.

"რაც შეეხება უნგრეთის ახალ მთავრობას, რა თქმა უნდა, მათ ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მას შემდეგ, რაც ისინი საქმიანობას შეუდგებიან, ყველა ამ კითხვას მათვე დავუსვამთ. თუმცა ბევრ მანამდე დაბლოკილ საკითხზე დისკუსიას ახლიდან ვიწყებთ და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიურ შედეგს მივაღწევთ", - ამბობს კალასი.

აღსანიშნავია, რომ წელიწადზე მეტია ევროკავშირში ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას უნგრეთის მთავრობა ბლოკავდა.

კალასმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირისთვის მიუღებელია. მათ შორის არის ოპოზიციის რეპრესიები, მედიის შეზღუდვა და ყველა ის კანონი, რომელიც ბოლო დროს მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები