მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განვითარების ფონდს“ საკუთარი კაპიტალით ათეულობით მილიონის პროექტების დაფინანსება შეუძლია - დავით საგანელიძე

დავით საგანელიძე

„საქართველოს განვითარების ფონდად“ გარდაქმნილი „საპარტნიორო ფონდი“ საქმიანობას 2023 წლის 10 სექტემბრიდან ოფიციალურად უკვე შეუდგა, თუმცა საინვესტიციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია.

საქართველოს განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უნდა ემსჯელა ფონდის მომავალი წლის სამოქმედო გეგმასა და ბიუჯეტზე.

დავით საგანელიძე, რომელიც ახლა საქართველოს განვითარების ფონდში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებ, BMG-სთან ამბობს, რომ არსებული კაპიტალით მათ საკუთარი რესურსით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის პროექტების დაფინანსება შეუძლიათ, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში არიან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ფონდებთან, ბანკებთან, თუმცა ჯერ კონკრეტული შეთანხმება არცერთ მათგანთან მიღწეული არ არის. როგორც საგანელიძე აცხადებს, ფონდი პოტენციურ პარტნიორებთან სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობას განიხილავს.

„საპარტნიორო ფონდს თავისი გარკვეული აქტივები გააჩნია. ეს აქტივები არის როგორც ფულადი, ისე ქონებრივი, რომელიც ყველა იმ ვალდებულების დაფარვის შემდეგ, რომელიც გაგვაჩნდა დავფარეთ და დაგვრჩა. დაგვრჩა ის შემოსავლები, რომელიც ჩვენს მიერ განვითარებულ/განხორციელებული პროექტებიდან დივიდენდების სახით შემოდის. ეს არის ის ფულადი აქტივი, თუ მატერიალური აქტივი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ინვესტიციების გარკვეული მოცულობა, დაახლოებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის, ჩვენი სახსრებით განვახორციელოთ, თუმცაღა ჩვენ პარალელურად მოლაპარაკებები/შეხვედრები გვაქვს რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო კომპანიასთან, საინვესტიციო ფონდებთან, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან, ბანკებთან.

კონკრეტულად არ ვისაუბრებ ამაზე, თქვენი ნებართვით, არ იქნება სწორი. შეთანხმება კარგია გაახმაურო მაშინ, როცა საბოლოოდ იქნება გახმაურებული. წინასწარ არ გავუსწრებ მოვლენებს. თუმცაღა ვამბობ, რომ შეთანხმება რამდენიმე სახის შეიძლება იყოს: პირველი, ჩვენ შეიძლება ფინანსური რესურსი ავიღოთ საფინანსო ინსტიტუტისგან და ის განვათავსოთ. მეორე, მათთან ერთად განვიხილოთ რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობა. მესამე, განვიხილოთ მათი მონაწილეობა როგორც აქციონერის თვითონ ფონდში, რისი საშუალებაც ახლა ჩვენ გვაქვს და ა.შ“,-აცხადებს დავით საგანელიძე.

ფონდის პრიორიტეტებში ექსპორტზე ორიენტირებული, იმპორტჩამნაცვლებელი და ინოვაციური პროექტები შედის, თუმცა რა იქნება მომავალი წლის საინვესტიციო გეგმა და ბიუჯეტი ჯერ უცნობია. გაურკვეველია ისიც, როდის ექნება ფონდს IMF-ის თანხმობა იმისთვის, რომ საინვესტიციო საქმიანობა დაიწყოს.

„არც ჩავთვალე საჭიროდ, ეს საკითხი გადამემოწმებინა“ –აქვს თუ არა "განვითარების ფონდს" IMF-ის ნებართვა საინვესტიციო საქმიანობის დასაწყებად?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები