„საქართველოს განვითარების ფონდად“ გარდაქმნილი „საპარტნიორო ფონდი“ საქმიანობას მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან ოფიციალურად უკვე შეუდგა, თუმცა საინვესტიციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია.
დავით საგანელიძე, რომელიც ახლა "საქართველოს განვითარების ფონდში" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს, დარწმუნებულია, რომ ფონდი საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებას შეუზღუდავად შეძლებს.
საქმე ისაა, რომ ინვესტირების დასაწყებად ფონდს "საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან" თანხმობა სჭირდება. იმისთვის, რომ რეფორმირებულმა საპარტნიორო ფონდმა ინვესტირება დაიწყოს, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამაში ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ამ ეტაპზეც შეჩერებულია.
გასულ თვეში ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ „საპარტნიორო ფონდში“ რეფორმის განხორციელების შედეგად, საქართველოს მთავრობა და IMF შეძლებენ შეთანხმებას, რომ ფონდმა საქმიანობა განაახლოს. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე BMG-მ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ჰკითხა, შეძლებს თუ არა საქართველოს განვითარების ფონდი ინვესტირების დაწყებას მომავალი წლიდან და ვრცელდება თუ არა ინვესტირების შეზღუდვის რეკომენდაცია ახლა უკვე განვითარების ფონდზეც.
„კომუნიკაცია ყოველთვის გვაქვს, მაგრამ ასეთი რამ არ თქმულა. მათი მოთხოვნები მაშინ იყო ორი: არ ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოები ფონდის შემადგენლობაში და ჩვენ გარდა საინვესტიციო საქმიანობისა მართვის ფუნქციები სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები არ გვქონოდა, რაც შესრულდა. მეორე, მთავრობა არ ყოფილიყო უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში. ეს ფუნქციაც შესრულდა. არცერთი შენიშვნა/რეკომენდაცია თუ სურვილი, რაც სავალუტო ფონდს ჰქონდა, არ დარჩენილა შეუსრულებელი, რომელიც მათ გააჩნდათ საპარტნიორო ფონდის მიმართ.
ისეთი ფონდის მიმართ, რომელსაც არანაირი ვალდებულება, თუ ეს პრობლემა არ აქვს [განვითარების ფონდს ვგულისხმობ] ჩემთვის გაუგებარია, თუ სავალუტო ფონდი ახლა კიდევ რაიმე მიზეზს წარმოაჩენს. არ მგონია, დარწმუნებული ვარ. არც ჰქონიათ მათ ეს პოზიცია“,-განაცხადა დავით საგანელიძემ.
კითხვაზე, ვრცელდება თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია საინვესტიციო საქმიანობის შეზღუდვის შესახებ რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდზეც და ხომ არ გადაუმოწმებიათ ეს ინფორმაცია ოფიციალურ მხარესთან, დავით საგანელიძე ასე გვპასუხობს:
„არც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს საკითხი გადამემოწმებინა, თუ ვინმეს ეს აწუხებს და ვინმეს ეს აზრად აქვს, შეუძლია ან ჩვენ გვკითხოს ან მათ ჰკითხოს. ასე ჭორის დონეზე ამაზე საუბარი სწორი არ იქნება“.
„საპარტნიორო ფონდის“ „საქართველოს განვითარების ფონდად“ გარდაქმნის მიუხედავად, უცვლელი დარჩა ფაქტი, რომ ფონდს არც ახალი პროექტების დაფინანსება და არც ახალი ვალების აღება შეუძლია. ამას საქართველოს მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებს.
IMF-ის წინა სამწლიანი პროგრამით განისაზღვრა, რომ ფისკალური რისკებიდან გამომდინარე საპარტნიორო ფონდი არ აიღებდა ახალ ვალებს და არ შევიდოდა ახალი პროექტების დაფინანსებაში. ანალოგიური პირობა ჩაიწერა 2022 წელს მთავრობასა და IMF-ს შორის გაფორმებულ ახალ მემორანდუმში, რომელიც სამწლიანი პროგრამის პირობებს მოიცავდა.
შეეძლება თუ არა რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდს ახალი ვალების აღება და პროექტების დაფინანსება, ამაზე ფინანსთა სამინისტროში BMG-ს განუცხადეს, რომ ამას IMF-ის თანხმობა ესაჭიროება.
იმისთვის, რომ რეფორმირებულმა საპარტნიორო ფონდმა ინვესტირება დაიწყოს, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამაში ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია.