მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს განვითარების ფონდი“  ინვესტირების დასაწყებად კვლავ IMF -ის თანხმობის მოლოდინშია

ხორავა

„საქართველოს განვითარების ფონდი“ (DFG) ინვესტირების დასაწყებად კვლავ სავალუტო ფონდის თანხმობის მოლოდინშია.

DFG -ის მენეჯმენტი ელის, რომ „საპარტნიორო ფონდში“ რეფორმის განხორციელების შედეგად, საქართველოს მთავრობა და IMF შეძლებენ შეთანხმებას, რომ ფონდმა საქმიანობა განაახლოს.

„ის მიზეზები, რის გამოც „საპარტნიორო ფონდს“ შეჩერებული ჰქონდა ინვესტირება და მოთხოვნილი იყო ფონდის რეფორმირება, ჩვენი შეფასებით, შესრულებულია. ფონდის ბორდი შეიცვალა და სრულად დამოუკიდებელი წევრებისგან არის ფორმირებული, ასევე მსხვილი სახელმწიფო კომპანიები აღარ შედის ფონდის მფლობელობაში. ეს მოთხოვნები შესრულებულია და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მოგვეხსნება შეზღუდვა, შეგვეძლება რესტარტი გავაკეთოთ და განვახორციელოთ საინვესტიციო პროექტები საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ რამდენიმე მიმართულებით აპირებს პროექტების დაფინანსებას. მათ შორის, პრიორიტეტული იქნება ექსპორტის პოტენციალის

მქონე პროდუქციის წარმოების მხარდაჭერა, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური წარმოება, იმპორტის ჩანაცვლებისა და განახლებადი ენერგიის ათვისების პროექტები.

„ამ კუთხით არსებული სახელმწიფო პროგრამები ორიენტირებულია ფინანსური რესურსის გაიაფებაზე და ხდება საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება ან საგრანტო დაფინანსება. ფონდი კი, თავიდანვე და ასევე განახლებული საინვესტიციო მანდატის ფარგლებში, ორიენტირებულია კომერციულად მოგებიან პროექტებზე. ასევე ჩვენ ვართ კაპიტალის მიმწოდებელი მხარე, რაც ჩავარდნაა ბაზარზე და ვცდილობთ ეს ნიშა შევავსოთ. ჩვენს როლს სწორედ იქ ვხედავთ, რომ ბანკების გარდა, დაფინანსების მოზიდვის ალტერნატიული მიმართულება, რომელიც შედარებით მეტ რისკს აიღებს. ამ კუთხით ერთ-ერთი ინსტრუმენტი შესაძლოა, იყოს სუბორდინირებული სესხი. გვინდა მივეხმაროთ კომპანიებს, ვისაც სჭირდება კაპიტალის შევსება, მათ შორის, განვიხილავთ კაპიტალში მონაწილეობას მინორიტარული წილით“, - განმარტავს დიმიტრი ხორავა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ფონდი ამუშავებს რამდენიმე პროექტს. ესენია: მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტები და განსხვავებული ტექნოლოგიით ცხოველური ნარჩენების გადამუშავება.

დიმიტრი ხორავა იმედოვნებს, რომ 2024 წლიდან ფონდი პროექტების დაფინანსებას ისევ დაიწყებს.

„არათუ ველოდებით, უფრო მეტიც, დარწმუნებულები ვართ, მოგვეცემა შესაძლებლობა დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც აქტიურები ვიყავით საინვესტიციო მიმართულებით და დავიწყებთ პროექტების დაფინანსებას“, - ამბობს „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები