პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს მიმდინარე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც, პარლამენტმა გასულ წელს 622 კანონი მიიღო.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ პაპუაშვილმა დეპუტატთა კითხვებსაც უპასუხა, რომელთა შორისაც იყო ოპოზიციონერი ლიდერების კითხვა, რომელსაც თავმჯდომარემ კრიტიკით უპასუხა.
“პათეტიკური კითხვა იყო გიორგი ვაშაძისა და პაატა მანჯგალაძისგან, სად არიან ადამიანები ამ განცხადებებშიო. ადამიანები იმ 622 კანონში არიან, [რომლებიც მივიღეთ]. ჩატარებული 65 პლენარული სხდომიდან ოპოზიცია 15%-ს არ ესწრება, თუ თქვენ საყვარელ ერთ-ორ თემას არ ეხება საქმე, კანონპროექტების განხილვას საერთოდ არ ესწრებით, სწორედ აქ არიან ადამიანები და არ ხართ თქვენ!
როცა ვსაუბრობთ, რა შედეგები გამოიღო პარლამენტმაო (თითქოს პარლამენტი მხოლოდ კამათს ადგილი იყოს), ეკონომიკური ზრდა საიდან მოდის? მოდის იმ სამართლებრივი ჩარჩოდან, რომელსაც ჩვენ ვქმნით, იმ ეკონომიკური პოლიტიკიდან, რომელსაც ჩვენ ვსაზღვრავთ მთავრობისთვის, იმ ბიუჯეტიდან, რომელიც სულ ახლახან მივიღეთ - ეს არის ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი. ციდან არაფერი მოდის, განვითარებას ვქმნით ჩვენ - პარლამენტი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო უწყების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას პოლიტიკური ოპოზიცია არ ჰყავს.
“როგორც ჩანს, თქვენ ჯერ არ აღმოგიჩენიათ, რა არის თქვენი ფუნქცია პარლამენტში და როგორ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს. ეს მსახურება მარტო მიკროფონში საუბარი არ არის, ეს არის ყოველდღიური საქმიანობა გვიანობამდე. შეხედეთ კომიტეტის თანამშრომლებს, აპარატის თანამშრომლებს, როგორ უწევთ მათ გვიანობამდე მუშაობა.
ყველაზე კრიტიკული მომენტი პარლამენტში ისაა, რომ, სამწუხაროდ, სინამდვილეში არ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია. გვყავს რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ ერთი თითზე ჩამოსათვლელ საკითხებზე საუბრობენ, და არა სხვა დიდ თემებზე, რომლებშიც ოპოზიციის ჩართულობა გვჭირდება, რათა სხვა, თუნდაც ჩასაფრებული, კრიტიკული პერსპექტივიდან დაანახვოს ინიციატორს ისეთი რაღაცები, რომელზეც მას არ უფიქრია. სამწუხაროდ, ყველა ეს კანონი, რომელთა წყალობითაც ასოცირებულ ტრიოში ლიდერები ვართ, ისე მივიღეთ პარლამენტში, რომ ოპოზიციის მონაწილეობა მინიმალური იყო”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.