მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც საჯარო შესყიდვების სფეროში ახალი რეგულაციების დანერგვას ეხება"

62d97d522f4f2
BM.GE
21.07.22 20:48
587
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით, "საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იხილავს.

ყაზბეგში ორდღიან გასვლით სამუშაო შეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო შესყიდვების შესახებ რეფორმა ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

„განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც შეეხება საჯარო შესყიდვების სფეროში ახალი რეგულაციების დანერგვას. ეს ახალი რეგულაციები გამომდინარეობს იმ ევროდირექტივებიდან, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებად ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით და გულისხმობს ეს ყველაფერი ახალი პროცედურების, ახალი ინსტიტუციების დაარსებას, რაც საშუალებას მისცემს ქართულ ფირმებს და კომპანიებს ჰქონდეთ წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნების მიერ გამოცხადებულ საჯარო შესყიდვებში.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად კანონის მოქმედების არეალი ფართოვდება, ასევე ითვალისწინებს ახალი ინსტიტუციების დანერგვას და განვითარებას.

ნიშანდობლივია ის მომენტიც, რომ იცვლება ტერმინიც და თუ აქამდე სახელმწიფო შესყიდვების სახელწოდებით ოპერირებდა სააგენტო, ამიერიდან შემოდის ახალი ტერმინი - საჯარო შესყიდვები, რაც უფრო ზუსტად ასახავს პროცესის და პროცედურების არსს და შესაბამისად, კიდევ მრავალი ცვლილება დაინერგება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, დღის წესრიგში დგას ევროკავშირის გარკვეული რეგულაციების დანერგვა.

ეკა სეფაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე სამუშაო შეხვედრა საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებშია დაგეგმილი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის ფარგლებშია შექმნილი და განხილვებში კერძო სექტორის, ანუ, იმ ბენეფიციარების ჩართვასაც გულისხმობს, ვისაც ამ სისტემით შემდეგში მოუწევს სარგებლობა. მისი განცხადებით, მოქნილი კანონის შესამუშავებლად კომიტეტს მიაჩნია, რომ განხილვის პროცესი ინკლუზიურად უნდა წარიმართოს და გათვალისწინებული უნდა იყოს დაინტერესებული ჯგუფების მოსაზრებები.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს: USAID/საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროსმა მრჩეველმა, დავით წიკლაურმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნატალია ბერუაშვილმა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, კახა დემეტრაშვილმა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს იმსჯელეს შემდეგ თემებზე: რეფორმების დღის წესრიგი საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების კონტექსტში; საჯარო შესყიდვების რეფორმა: თანამედროვე და ინოვაციური საჯარო შესყიდვების სისტემა; საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინსტიტუციური ჩარჩო, ზოგადი მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები; „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული სიახლეების ძირითადი არსი და გამოწვევები.

საკითხები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა და საერთაშორისო კონსულტანტებმა წარადგინეს.

„საქართველოს პარლამენტის წევრებს გავაცანით საერთაშორისო კონტექსტი, საერთაშორისო ვალდებულებები, გავაცანით სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის, პრაქტიკული სარგებელი ქართული ბიზნესისთვის, საქართველოს მოსახლეობისათვის. გავაცანით დასანერგი ახალი მიდგომები, ახალი პროცედურები, ახალი ინსტრუმენტები, სიახლეები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინოვაციების დანერგვა, სიახლეები ისეთ სფეროში როგორიცაა გარემოს დაცვა და სხვა საინტერესო ასპექტები, რომლებიც არის გათვალისწინებული საჯარო შესყიდვების რეფორმის დღის წესრიგით - საჯარო შესყიდვების ახალი კანონპროექტით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილმა.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ შეხვედრით დაიწყო საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვის პროცესი პარლამენტის წევრების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

„სამომავლოდ კი დავსახავთ გეგმას, თუ როგორ ჩავრთოთ ბიზნეს-სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები ამ მოლაპარაკებების პროცესში. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიზანია და კონკრეტულად იმ კომპონენტის, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ახორციელებს, საჯარო-კერძო დიალოგის ფასილიტაცია საქართველოს პარლამენტში ყველა რეფორმასთან დაკავშირებით, წინასწარი კონსულტაციების პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართვა, სანამ მიღებული იქნება კონკრეტული რეფორმა ან კანონპროექტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები იღებენ.

სამუშაო შეხვედრა იმართება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

კანონპროექტი ინიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ და მის განხილვის დაწყებას საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები