ირანის ომის გამო მსოფლიო ავიაცია კრიზისში აღმოჩნდა. მიზეზი საავიაციო საწვავია, რომელზეც ფასი გაორმაგდა, არადა ავიაკომპანიების ხარჯების 40%-ზე მეტი სწორედ საწვავზე მოდის. ამის გამო საერთაშორისო ავიაკომპანიები აძვირებენ ფასს და რეისებს აუქმებენ.
უფრო კონკრეტულად, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, საავიაციო საწვავის საშუალო ფასი ბარელზე 185 დოლარამდეა გაძვირებული, რაც ნიშნავს, რომ წლიურად ფასი 105%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით ფასი განსხვავებულია და მაგალითად ევროპასა და აზიაში უფრო ძვირი ღირს.
ახალ რეალობაში, როცა საწვავზე ფასი გაორმაგდა გლობალური ავიაცია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ევროპის ყველაზე მსხვილ ავიაკომპანიას Lufthansa-ს 20 ათასამდე რეისის გაუქმებაც მოუწია და ფიქრობს, რომ ამით ათასობით ტონა საწვავს დაზოგავს.
არც პროგნოზებია სახარბიელო. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხი რომც მოგვარდეს, ლოგისტიკური ჯაჭვების აღდგენას თვეები დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ავიაციისთვის ყველაზე აქტიურ ზაფხულის პერიოდში სექტორი კრიზისში იქნება.
საავიაციო საწვავის იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე გვეუბნება, რომ ფასის ზრდის მიუხედავად, საქართველოში საწვავის დეფიციტი არ არის, რადგან საიმპორტო ბაზარი დივერსიფიცირებულია და პროდუქტი შემოდის როგორც შუა აზიის ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან.
"საერთაშორისო საავიაციო საწვავის ბაზარზე ნამდვილად რთული ვითარებაა, რადგან ევროპას საკუთარი მოხმარების ძირითადი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოჰქონდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბაზარზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში დეფიციტი არ არის, რადგან მომწოდებლების წრე მანამდეც დივერსიფიცირებული გვქონდა და ახლა კიდევ უფრო მეტი წყარო დავამატეთ. შესაბამისად, იმპორტი შეუფერხებლად გრძელდება. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც დღეს საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედებს, ფასების ზრდაა. ავიაკომპანიებისთვის საწვავის მიწოდება Platts-ის ინდექსის შესაბამისად ხორციელდება, თუმცა ინდექსის გარდა, გაზრდილია შემდეგი ხარჯები: ლოგისტიკა; დაზღვევა და ჰეჯირება", - ამბობს „ჯორჯიან პეტროლიუმის“ კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე.
ქართულ საავიაციო ბაზარზე კრიზისი უკვე აისახა. ბიუჯეტურმა თურქულმა კომპანია Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან მაისში ფრენები გააუქმა. საქართველოში მისი სავაჭრო აგენტის GASA-ს განცხადებით, მიზეზი საავიაციო საწვავის გაძვირებაა.
გაძვირებულმა საწვავმა გააძვირა ტურისტული პაკეტები, ამან კი მოთხოვნა შეამცირა. PEGAS Touristik Georgia-ს დირექტორი გვეუბნება, რომ კრიზისი არსებული მასშტაბი პანდემიას არ ჩამოუვარდება.
"საავიაციო საწვავის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რაც კომერციული თვალსაზრისით სერიოზულ ზარალს აყენებს ტურისტულ კომპანიებს. ავიაციის სფეროში მსგავსი პრეცედენტი წლებია არ დაფიქსირებულა. ვიცით, რომ ტურისტული პაკეტის ღირებულებაში ყველაზე დიდი პროცენტული წილი სწორედ ავიაბილეთებზე მოდის. ავიაბილეთების გაძვირება პირდაპირკავშირშია უკვე ფორმირებული ტურ-პაკეტების ჯამურ ფასთან. ჩვენს შემთხვევაში, მომწოდებელ ავიაკომპანიებთან წლის დასაწყისში გაფორმებული ყველა კონტრაქტის პირობების გადახედვა მოგვიხდა. უფრო სწორად, იძულებულნი გავხდით ეს გაგვეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო სეზონის ფრენების თითქმის 40% უკვე რეალიზებულია, ფასის შენარჩუნება გაყიდულ ბილეთებზეც კი ვერ შევძელით. შესაბამისად, ის ზარალი, რომელიც ტურიზმის სექტორს მიადგა, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდ ციფრებში გამოიხატება", - ამბობს სალომე ბერაია.
ტურისტული კომპანიის წარმოსადგენი ფიქრობს, რომ საქმე გრძელვადიან კრიზისთან გვაქვს და მხოლოდ ზაფხულის სეზონით არ შემოიფარგლება.
“ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მიმდინარე პროგნოზი უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მხოლოდ სამთვიანი ზაფხულის სეზონი. რომც მორჩეს კრიზისი ძალიან გაუჭირდებათ კომპანიებს უცებ გადაეწყონ და დაუბრუნდნენ იმ ნიშნულს, სადაც მარტის დასაწყისში გავჩერდით. მე ვფიქრობ, რომ ეს წელიც და მომდევნო წლის პირველი კვარტალიც სამწუხაროდ, ეს შედეგი იქნება", - გვეუბნება PEGAS Touristik Georgia-ს ხელმძღვანელი.
გაძვირება ყველაზე მსხვილ ქართულ ავიაკომპანიაზეც აისახა. როგორც BMG-ის Georgian Airways-ში უთხრეს, მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს ხარჯების შემცირებაზე, ასევე იმედი აქვთ მთავრობის მხარდაჭერის.
"ბუნებრივია, საწვავთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაციის სექტორზე და ჩვენნაირ პატარა ავიაკომპანიას მძიმედ დააწვა. ერთი მაგალითი რომ მოგიყვანოთ: ერთ რეისზე, მაგალითად, პარიზის მიმართულებით, ორივე გზაზე მჭირდებოდა დაახლოებით 26 ტონა საწვავი, რაც 50 ათასი დოლარია. 100 მგზავრზე რომ გადავთვალოთ, ბილეთის ფასი საშუალოდ 500 დოლარი გამოდის, მხოლოდ საწვავის ნაწილზე რომ ვისაუბროთ. ჩვენს შემთხვევაში კი ბილეთის ფასი ორივე გზაზე 300-350 ევრო იყო. ეს არის ოპერაციული ხარჯების მხოლოდ საწვავის სეგმენტი, რაც ახლა მაგალითად მოგიყვანეთ. დანარჩენი მომსახურება აეროპორტის მოსაკრებელი, ნავიგაცია, თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურება, დაზღვევა, კვება და ა.შ. პრაქტიკულად ჰაერში რჩება და ხარჯი 100%-ით საწვავზე მოდის. მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს ოპტიმიზაციის კუთხით და რასაკვირველია, მცირდება რეისები იმ მიმართულებებით, რომლებიც ნაკლებად დატვირთულია. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას. დღეს მათთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ გამოსავალი მოიძებნება", - ამბობს Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ვიქტორია კლიმიჩევა.




























