მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაქრება ყველაზე მოთხოვნადი სეგმენტი, ფასები მინიმუმ 20-30%-ით გაიზრდება - "გლობალ ავტო იმპორტი"

გლობალ აუტო იმპორტი

საქართველოში ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ დაგეგმილ შეზღუდვებს "გლობალ ავტო იმპორტი" ეხმაურება.

კომპანიაში, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს ავტოიმპორტს ამერიკიდან, აღნიშნავენ რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვით დაზარალდება დაბალი და საშუალო ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი, რამდენადაც ფასები ადგილობრივ მეორად ბაზარზე მინიმუმ 20-30%-ით გაიზრდება.

კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დაარსების დღიდან ჩვენი მიზანია მომხმარებელმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, აირჩიოს მისთვის ოპტიმალური ვერსია და კომფორტულად ჩაიბაროს შერჩეული ავტომობილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

განიხილება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც ეკოლოგიური არგუმენტით არის წარმოდგენილი. თუმცა რეალობა ასეთია: საქსტატის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 80.6% 10 წელზე მეტისაა. ეს არის მომხმარებლის რეალური არჩევანი და ფინანსური შესაძლებლობებით განპირობებული მოთხოვნა.

ამ არჩევანის შეზღუდვა პირველ რიგში დააზარალებს დაბალი და საშუალო ბიუჯეტის მქონე მომხმარებლებს. მათთვის ხელმისაწვდომი ავტომობილის შეძენა გართულდება ან შეუძლებელი გახდება. პარალელურად, როდესაც ბაზრიდან ქრება ყველაზე მოთხოვნადი სეგმენტი (6-12 წლის ავტომობილები), ფასები ადგილობრივ მეორად ბაზარზე მინიმუმ 20-30%-ით გაიზრდება. მომხმარებლებს მოუწევთ, ან გაუმართავი ძველი მანქანების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო გააუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას და არგუმენტის საპირისპირო შედეგს მივიღებთ. ასევე მომხმარებელს უფრო დიდი ფინანსური ვალდებულებების (სესხების) აღება მოუწევს ახალი ავტომობილის შესაძენად.

უფრო ფართო ჭრილში - საქართველო დღეს რეგიონში მეორადი ავტომობილების მნიშვნელოვანი ჰაბია. ავტომობილების რეექსპორტი ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. შესაძლო აკრძალვა, დააზარალებს არა მხოლოდ ავტოიმპორტიორებს, არამედ ავტოსერვისებს, ავტონაწილების ბიზნესს, ლოგისტიკურ კომპანიებსა და ფინანსურ სექტორს. დაბრკოლდება მცირე და საშუალო ბიზნესი, დაიკარგება სამუშაო ადგილები და შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები.

გლობალ ავტო იმპორტი სრულად უჭერს მხარს გარემოს დაცვისკენ მიმართულ ქმედით ნაბიჯებს. გვჯერა, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრისთვის მეტად ეფექტიანი საშუალებები არსებობს:

  • გამართული ტექნიკური ინსპექტირება;
  • ემისიის რეალური კონტროლი;
  • ელექტრო, ჰიბრიდული და დაბალი ემისიის ავტომობილების სტიმულირება;

ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოსა და დარგის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაიცავს გარემოსაც და არ შეზღუდავს მოსახლეობის არჩევანსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს",- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 1 აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები