მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაქცევაზე ფიქრის ნაცვლად, უნდა ვიშრომოთ უკეთესი მომავლისთვის ჩვენს საქართველოში - რესან ქიქავა

რესან ქიქავა

„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54,08% მიიღო. რესან ქიქავა ფიქრობს, რომ არჩევნები არ შედგა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში.

„ცხადია, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით და ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის არჩევნებში არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური, ადამიანის ღირსებისთვის შეუსაბამო, ორგანიზებული მონაწილეობით, “ოცნება”-ს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა არ დაუჭირა მხარი.

გარდა ამისა, მან წააგო დედაქალაქი, (რაც უმნიშვნელოვანესია ლეგიტიმაციისთვის) და წააგო არაერთი სხვა ქალაქი. რეალურად ოცნებამ ფაქტობრივად მხოლოდ იქ მოიგო არჩევნები, სადაც ადამიანები გადათვალა და გააკონტროლა მათ მიერ ხმის მიცემის პროცესი.

ცხადია, ეს არჩევნები არ შედგა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში. რა მნიშვნელობა აქვს ასეთ შედეგს უბნებზე და ცესკოში პირდაპირი გაყალბებით მივიღებდით, თუ ადამიანებისთვის თავისუფალი ნების გამოხატვის ასეთი სისტემური შეზღუდვით?


“ოცნება” ამ შედეგის ფონზე მომავალში როგორ მოიქცევა, ბევრ, მათ შორის ძირითადად საგარეო ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

სხვა საკითხია ის, რომ ოპოზიციისთვის არჩევნებამდეც ძალიან კარგად იყო ცნობილი ქართულ პოლიტიკაში ასეთი პრაქტიკების არსებობის შესახებ (ბევრი ამას თავადაც აკეთებდა, როცა შეეძლო) და მიუხედავად ამისა, მათ არა მხოლოდ ასეთ არჩევნებში ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა, არამედ ვერ იმუშავეს ეფექტურად ვერც საარჩევნო პერიოდში პროპაგანდის წინააღმდეგ და ვერც არჩევნების დღეს იქ, სადაც ამის ყველაზე მაღალი რისკი არსებობდა.

როგორ მოიქცევა ოპოზიცია ამ შედეგის ფონზე, ესეც, ძირითადად საგარეო ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

შესაბამისად, საბოლოო ჯამში, როგორც ყოველთვის, რომელ მხარესაც გადაიხრება მსოფლიო ძალაუფლების პენდულუმი - დასავლეთისკენ, თუ აღმოსავლეთისკენ, იქიდან ამოვა მზეც საქართველოში.

დამღლელია ეს ყველაფერი, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სახლში ცხოვრებას არ შეედრება არაფერი. ამიტომ ახლა, ისევე როგორც ადრე, გაქცევაზე ფიქრის ნაცვლად, უნდა ვიშრომოთ უკეთესი მომავლისთვის ჩვენს საქართველოში.

ბევრი ჩვენგანისთვის, გუშინდელი დღე იყო ისტორიის და ჩვენი ცხოვრების ერთი ცუდი ფურცელი. კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის და აუცილებლად იქნება ბევრი კარგიც“, - წერს რესან ქიქავა სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები