ცუდ კანონს იღებს პარლამენტი. კანონს, რომელიც ხელისუფლების ძალაუფლებას გააძლიერებს და რომლის წინააღმდეგ გამოდის ყველა, ვისთან დაახლოებასაც გვპირდება ხელისუფლება, - ამის შესახებ "ექსპო ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი, რესან ქიქავა აცხადებს. მისი მოსაზრებით, დროთა განმავლობაში, სხვა მოვლენებთან ერთად, ეს ტენდენცია მხოლოდ უარესობისკენ განვითარდება.
"ძალაუფლება დროთა განმავლობაში მხოლოდ ყვრნის, ის არ აკეთილშობილებს. არაფერი უნდა იცოდე პოლიტიკური ისტორიის შესახებ, ამას რომ ვერ ხვდებოდე და ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებდე", - წერს სოციალურ ქსელში რესან ქიქავა.
მისი თქმით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე თამაში, ასევე კარგად ნაცნობი, რუსული (აღმოსავლური) პოლიტიკური მოდის ნაწილია, რომელიც "ქართველმა ხელისუფალმა წარსულშიც და ახლაც კარგად მოიზომეს და მოირგეს".
"გუშინ ჩემს ლექციას მხოლოდ ერთი სტუდენტი დაესწრო. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში პირველად მოხდა. მიზეზს ალბათ მიხვდებით, სტუდენტები აქციაზე იყვნენ, რუსთაველზე. 29 აპრილიც გამონაკლისი იყო. იმ დღეს რუსთაველზე არცერთი ჩემი სტუდენტი არ იდგა. იმ დღეს რუსთაველზე ქართული ხელისუფლებებისთვის დამახასიათებელი, აწ უკვე ტრადიციული, ადამიანური ღირსების შემლახველი შოუ შედგა.
მსგავსი შოუები ბევრჯერ მაქვს ნანახი ადრე და ალბათ ბევრჯერ ვნახავ მომავალშიც. მაგრამ თან დასავლეთის მტრად გამოცხადება, მათი აგენტურის და რევოლუციური სცენარების “გამოაშკარავება" და თან ევროკავშირში შესვლის სურვილის მტკიცება - ასეთი ოქსიმორონული ტყუილი, მაინც განსაკუთრებული შემთხვევა იყო.ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე თამაში, ასევე ჩემთვის კარგად ნაცნობი, რუსული (აღმოსავლური) პოლიტიკური მოდის ნაწილია, რომელიც ქართველმა ხელისუფალმა წარსულშიც და ახლაც კარგად მოიზომეს და მოირგეს. მაგრამ თან დედაქალაქიდან 30კმ-ში მდგომ მტრის აგენტებზე, მათ ანტიქართულ საქმიანობაზე და მათ პროპაგანდაზე სრული დუმილი და თან ევროკავშირისგან, საითაც თურმე მიიჩქარიან, ამ კავშირის წევრი ქვეყნებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდით იდგნენ და რომლებსაც ასეულობით მილიონი აქვთ დახარჯული ჩვენი დემოკრატიის ხელშეწყობის, კრიტიკული ინდუსტრიების და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - ამ ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და კრიტიკა, ასეთი ცინიზმი, მაინც განსაკუთრებული შემთხვევა იყო. მთლად ისეთი არა, 2008-ში მიშამ და მისმა გუნდმა რუსეთზე გამარჯვება რომ გვაზეიმა, მაგრამ საკადრისი", - წერს რესან ქიქავა.