„ექსპო ჯორჯია“ დამფუძნებლის და მრავალი წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი, კახა გველესიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ექსპო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კახა გველესიანის გავლენა და როლი როგორც კომპანიის შენების პროცესში, ისე თითოეული თანამშრომლის პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაში შეუფასებელია.
კომპანიაში ხაზს უსვამენ მის წვლილს საგამოფენო სივრცის მოდერნიზაციასა და ქართული ბიზნესის დასავლურ ინტეგრაციაში.
66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გუშინ, 1-ელ ივლისს გარდაიცვალა. ის 30 წელზე მეტი აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში და ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
""ექსპოჯორჯიას" გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი და მრავალი წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი - კახა გველესიანი.
კახას გავლენა და როლი კომპანიის შენების პროცესში, ისევე როგორც თითოეული გუნდის წევრის პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაში, შეუფასებელია.
თავისი პროგრესული მიდგომებით, თავდაუზოგავი შრომითა და ქვეყნის სიყვარულით კახამ შეძლო საბჭოთა საგამოფენო სივრცე გარდაექმნა თვისობრივად სრულიად განსხვავებულ, დასავლური ტიპის, საქმიანი შეხვედრების საერთაშორისო პლატფორმად, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმდროინდელ საქართველოში, მრავალი დასავლური და ქართული კომპანიის ინტეგრაციის პროცესში.
ის მარად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში როგორც შრომისმოყვარების, პროგრესულობისა და შეუპოვრობის სიმბოლო", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.




























