1-ელ ივლისს კახა გველესიანი გარდაიცვალა - ცნობილი ბიზნესმენი და ინვესტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქვეყნის მასპინძლობის სფეროს, უძრავი ქონების დეველოპმენტის, საგამოფენო ინდუსტრიისა და საფინანსო სექტორის განვითარებაში.
კახა გველესიანს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, რომლებმაც ხელი შეუწყო დედაქალაქის ბიზნესინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.
კახა გველესიანის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიასთან". 1993 წლიდან ის სათავეში ჩაუდგა კომპანიას, როგორც გენერალური დირექტორი, ხოლო 1998 წლიდან - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მისი მმართველობის პერიოდში "ექსპო ჯორჯია" ჩამოყალიბდა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან საერთაშორისო საგამოფენო და საკონფერენციო პლატფორმად.
"ექსპოჯორჯიას გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი და მრავალი წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი - კახა გველესიანი. კახას გავლენა და როლი კომპანიის შენების პროცესში, ისევე როგორც თითოეული გუნდის წევრის პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაში, შეუფასებელია. თავისი პროგრესული მიდგომებით, თავდაუზოგავი შრომითა და ქვეყნის სიყვარულით კახამ შეძლო საბჭოთა საგამოფენო სივრცე გარდაექმნა თვისობრივად სრულიად განსხვავებულ, დასავლური ტიპის, საქმიანი შეხვედრების საერთაშორისო პლატფორმად, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმდროინდელ საქართველოში, მრავალი დასავლური და ქართული კომპანიის ინტეგრაციის პროცესში", - ვკითხულობთ "ექსპო ჯორჯიას" განცხადებაში.
"არიან ადამიანები, რომელთა წასვლით დატოვებულ სიცარიელეს, ვერაფერი ავსებს. მე ასეთი ადამიანი დავკარგე.
კახა გველესიანი - განათლებული, ცნობისმოყვარე, ხარისხზე ორიენტირებული, შეუპოვარი.
ესთეტი, რომელიც ყველა დეტალში ეძებდა სრულყოფილებას. რთული იყო გეპოვნა მასზე საინტერესო თანამოსაუბრე, თანამოაზრე, თუ თანამოპაექრე.
თუმცა, ერთია, რა იყო კახა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის და მეორეა, რა იყო კახა ამ ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის.
კახამ, საბჭოთა საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, პარტნიორებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი, ყოველწლიური საერთაშორისო საგამოფენო პროექტებით და ულამაზესი პარკით.
ბიზნესმენობა არის შემოქმედებითი საქმიანობა, ამ პროფესიის საუკეთესო გაგებით.
ბიზნესმენი არის რაღაც ღირებულის შემქმნელი, პროგრესის გამომწვევი და ამ პროგრესის შედეგების სხვებისთვის გამზიარებელი.
ასეთი ბიზნესმენი ძალიან ცოტაა ჩვენს ქვეყანაში.
კახა ასეთი ბიზნესმენი იყო. კახა ქმნიდა", - წერს რესან ქიქავა, "ექსპო ჯორჯიას" დირექტორი.
გარდა ამისა, მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი "ჯი-ემ-თი" (GMT) ჯგუფს უკავშირდება. ის იყო GMT Hotels-ის, GMT Real Estate-ისა და GMT Mtatsminda-ს პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
გველესიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისეთი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა სასტუმროების - "თბილისი მარიოტის", "ქორთიარდ მარიოტისა" და "მოქსი თბილისის" მშენებლობა და რეკონსტრუქცია.
"ბატონი კახას სახელს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება, მათ შორის „თბილისი მარიოტის“, „ქორთიარდ თბილისისა“ და „მოქსი თბილისის“ სასტუმროების შექმნა, ასევე ექსპო ჯორჯია”, „Tbilisi Art Fair” და სხვა მრავალი.
განსაკუთრებით დასაფასებელია ისტორიული კადრი, რომელიც 2002 წელს „თბილისი მარიოტის“გახსნას ასახავს — ფოტო, სადაც სასტუმროს გახსნაზე მომუშავე გუნდთან ერთად ბატონი კახაც არის აღბეჭდილი. ეს პროექტები მისი პროფესიონალიზმისა და საქართველოში თანამედროვე მასპინძლობის კულტურის განვითარებისადმი თავდადების ნაყოფია.
ბატონი კახა იყო ფართო მსოფლმხედველობისა და მაღალი კულტურის ადამიანი. მისი საქმიანი მიდგომები და დახვეწილი ხედვა, რომლითაც ის სხვადასხვა ბიზნეს თუ კულტურულ ინიციატივებს უძღვებოდა, ჩვენთვის მუდამ შთამაგონებელი იქნება. მან შეძლო შეექმნა პროექტები, რომლებიც დღესაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ბატონი კახას მიერ დანერგილი ფასეულობები ჩვენი გუნდისთვის მუდამ ღირებული იქნება და ვეცდებით, ღირსეულად გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც მან საფუძველი ჩაუყარა.
ძალიან დაგვაკლდება ბატონი კახა, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა თბილისი მარიოტი. ხშირად შეგხვდებოდათ სასტუმროს ლობიში თუ პატიოში, სადაც მისი თბილი და მეგობრული ყოფნა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო.
ამ მძიმე წუთებში, ჩვენი გუნდი გულწრფელად ვუსამძიმრებთ ბატონი კახას ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს", - ნათქვამია თბილისი მარიოტის, ქორთიარდ თბილისისა და მოქსი თბილისის გუნდის განცხადებაში.
მისი სახელი უკავშირდება მთაწმინდის ისტორიული "ფუნიკულიორის" კომპლექსის რესტავრაციასა და მართვას. ასევე, მისი მონაწილეობით თბილისის ცენტრში აშენდა ერთ-ერთი პირველი "A" კლასის ბიზნესცენტრი - GMT პლაზა.
კახა გველესიანი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საფინანსო სექტორის მუშაობაშიც. 1998-2003 წლებში ის საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლდათ.
"კახა გველესიანი ჩემთვის არა მხოლოდ გონიერი და კეთილშობილი საქმიანი ადამიანი იყო, არა მხოლოდ მერიოტების და სხვა მრავალი კარგი პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრი, არა მხოლოდ გამოფენის (Expo Georgia), ქართული ბიზნესის გულის გადამრჩენელი და ახალი სიცოცხლის მიმცემი...
ჩემთვის ის სიმბოლოა საღად მოაზროვნე პატრიოტი ქართველისა, რომელიც შეეცადა თბილისის ძმათა მკვლელი ომი შეეჩერებინა, მაგრამ მოლაპარაკებაზე შესულმა, უიარაღომ მუხანათური სასიკვდილო ტყვია მიიღო! საბედნიეროდ გადაურჩა და კიდევ 35 წელი იცოცხლა. იცოცხლა არა მხოლოდ ბიზნესის საკეთებლად, არამედ იმისთვის რომ პატრიოტული ემოციებით და საშოვარით გართულ (ეს სიტყვა ასევე დაკარგულს ნიშნავს) სოციუმს ეყურებინა ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული, გონიერებისა და კეთილშობილების სიმბოლოსათვის, რათა შეგვხსენებოდა ჩვენი უგნურება და სიავე, რომ როგორმე იქნებ დავფიქრებულიყავით, გამოვფხიზლებულიყავით, შეცდომები გვეღიარებინა და გონივრული, კეთილი, ქრისტიანული, ცივილური გამოსავლები და გზები გვეპოვნა ცხოვრების და პოლიტიკური ცხოვრების..." - წერს კახა გველესიანის მეგობარი, მიხეილ ალხანიშვილი.
მისი ბიზნესპორტფელი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა:
- LLC Calamus Graphics Studio (პარტნიორი 1995-2017 წლებში) - ციფრული ბეჭდვის ერთ-ერთი პირველი მსხვილი სტუდია საქართველოში.
- LLC Berolina Color (პარტნიორი 1998-2005 წლებში) - სამშენებლო მასალებისა და საღებავების მწარმოებელი კომპანია, რომელიც მოგვიანებით გერმანულმა ბრენდმა "Caparol"-მა შეიძინა.
- LLC Hydrotherm (პარტნიორი 1999-2024 წლებში) - გათბობის, კონდიცირებისა და საინჟინრო სისტემების პროექტირება-ინსტალაცია.
კახა გველესიანს გამორჩეული განათლება და სამეცნიერო გამოცდილება ჰქონდა. 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების სპეციალობით, ხოლო 1984 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით (ასევე წარჩინების დიპლომით). 1982-1992 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტში, სადაც მიენიჭა მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
კახა გველესიანის გარდაცვალება მნიშვნელოვანი დანაკლისია როგორც მისი ოჯახის წევრებისა და კოლეგებისთვის, ისე ქართული ბიზნესსაზოგადოებისთვის, სადაც მან მრავალწლიანი შრომით საპატიო ადგილი დაიმკვიდრა.
Bm.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახა გველესიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.




























