მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბანში ახალი თბოსადგურის მშენებლობა შესაძლოა, $225 მლნ დაჯდეს

5e15a804c6122
შოთა ტყეშელაშვილი
08.01.20 14:23
1632
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბანში შესაძლოა მესამე თბოსადგურიც ააშენოს. ახალი ობიექტის მშენებლობისთვის კორპორაციაში ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა მიმდინარეობს. 

BMG-ის კორპორაციაში განუცხადეს, რომ ახალი თბოსადგურის სიმძლავრე 250-270 მეგავატი იქნება, ხოლო მისი საინვესტიციო მოცულობა $225 მილიონამდეა. 

"ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. გარდაბნის თბოსადგური 3-ის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, რაც მთავრობის დადგენილებით დაევალა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას. შემდგომ ეტაპზე დაზუსტდება, სად განთავსდება თბოსადგური, რომლის სიმძლავრე, დაახლოებით, 250-270 მეგავატი იქნება. რაც შეეხება საინვესტიციო თანხას, ვვარაუდობთ, რომ 225 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში იქნება ინვესტირებული ამ პროექტში", - ამბობენ კორპორაციაში.

კორპორაცია ახალი სადგურის ასაშენებლად საჭირო ინვესტიციის მოზიდვაზე უკვე მუშაობს. 2020 წლის აპრილში კორპორაცია 300 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს, საიდანაც 70-80 მილიონი დოლარის ამ პროექტზე მიმართვა იგეგმება. 

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ 2019 წლის ბოლოს გარდაბანი 2-ის ბლოკის მშენებლობა დაასრულა. 230-მეგავატიანი თბოსადგური სატესტო რეჟიმში უკვე გაეშვა და სახელმწიფო ელექტროსისტემას ელექტროენერგიაც მიაწოდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კორპორაცია 2019 წელს "მნიშვნელოვანი მოგებით" ასრულებს. ამ დროისთვის კორპორაციის ვებგვერდზე 2019 წლის შუალედური შედეგები არის გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, კორპორაციის შემოსავალი წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში - 433.8 მილიონი ლარი, პერიოდის წმინდა მოგება კი, 32.2 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები