„ქართული ღვინის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვიდობაძე მიიჩნევს, რომ „გარდამავალ პერიოდში სუბსიდია უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ოდესღაც უნდა დასრულდეს“. როგორც მან გადაცემა „წერტილში“ განმარტა, კომპლექსური მიდგომაა საჭირო ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის.
„სუბსიდიები გარდამავალ პერიოდში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება მუდმივად ხორციელდებოდეს. კომპლექსური მიდგომაა საჭირო, უნდა იქნეს შუალედი ნაპოვნი, თუნდაც ფინანსური და პრინციპული, რომელიც ყველა მიმართულებას თანაბრად განავითარებს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მიიღება როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და ბიზნესი კორელაციაში მსჯელობს და ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი მშვიდობაძემ და დასძინა, რომ სუბსიდირების პროგრამაში „გაუგებარი მომენტები არის“.
„სუბსიდიის მოცულობა მცირდება, მაგრამ როდესაც საუბარია კახეთში რქაწითელის ან მწვანე ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაზე, სადაც დათქმაა, რომ კომპანია, რომელიც შეისყიდის 100 ტონაზე მეტ ყურძენს, იმას უსუბსიდირებენ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ჩვენ არ ვყიდულობთ, მაგრამ X კომპანიამ რომ იყიდოს 50 ტონა, ანუ იმდენი, რამდენიც მას ესაჭიროება და მეორე კომპანიამ იყიდოს 101 ტონა, იმან უნდა მიიღოს სუბსიდია. თვითღირებულებაში ის ისედაც უფრო წინაა და ისედაც ძლიერი კომპანიაა და ეს ჩემთვის გაუგებარია. ან რატომ არის 100 და არა 120 ტონა. ასეთი გაუგებარი მომენტები არის, თუმცა ძირითადად, გარდამავალ პერიოდში, სანამ ღვინის პოპულარიზაციის ინსტრუმენტები კომპლექსურად არ განვითარდება, ალბათ [სუბსიდია] უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ოდესღაც უნდა დასრულდეს“, - განაცხადა „ქართული ღვინის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც „ვაზისუბნის მამულს“, ვარძიის ტერასებსა“ და „როიალ ხვანჭკარას“ აერთიანებს.
2023 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მლნ დაიხარჯა. ინფორმაციისთვის: ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 138 მილიონ ლარამდე 2021 წელს დახარჯა. გასულ წელს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვას კი გამოყოფილი 150 მილიონიდან მხოლოდ 100 მილიონამდე ლარი მოხმარდა.