რამდენიმე დეტალია, რომლებიც, ჩემი აზრით, მეტ დამუშავებას საჭიროებს, - ასე აფასებს „ქართული ღვინის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვიდობაძე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ექსპორტიორი კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
აღსანიშნია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა და 2022 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ექსპორტიორ კომპანიებს შეუძლიათ, 600 000 ლარამდე თანადაფინანსება მიიღონ. რაც შეეხება პირობებს, ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია, კომპანია ახორციელებდეს ქართული ღვინის ექსპორტს მსოფლიოს მასშტაბით, გარდა უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვის და დსთ-ს ქვეყნებისა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადი „ქართული ღვინის ჯგუფსაც“ აქვს წარდგენილი, რომელიც „ვაზისუბნის მამულს“, ვარძიის ტერასებსა“ და „როიალ ხვანჭკარას“ აერთიანებს. ცნობისთვის, პროგრამის მონაწილე კომპანიებმა 1 მარტამდე უნდა წარადგინონ ანგარიშები, რის საფუძველზეც მოხდება ბენეფიციარების მარკეტინგული ხარჯების დაფინანსება.
„ღვინის ეროვნულ სააგენტოში ძირითადი პრიორიტეტი არის აშშ-ზე, რასაც ვეთანხმები, ვინაიდან ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს ამერიკაში... ალბათ, კიდევ გერმანიას განვიხილავდი, ასევე, იაპონიას და სამხრეთ კორეასაც, რომელიც საკმაოდ პოტენციური ბაზარია ქართული ღვინისთვის. გავხდებით თუ არა ბენეფიციარი, ამას ჩვენი წარდგენილი ანგარიშგება და იმათი გადაწყვეტილებით გვეტყვის, თუმცა, იქ რამდენიმე დეტალია, რომლებიც, ჩემი აზრით, მეტ დამუშავებას ითხოვს. მაგალითად, შენ გარკვეულწილად მარკეტინგულ აქტივობას გიფინანსებენ იმ შემთხვევაში, თუ შენი გაყიდვები აჭარბებს წინა წლის გაყიდვებს. მაგრამ თუ განვიხილავთ, მაგალითად აშშ-ს, სადაც ჩვენ გაყიდვების რაოდენობა გაზრდილი გვაქვს, თუმცა, შესაძლოა, საერთო ჯამში [უცხოეთში] გაყიდვების რაოდენობა შემცირებული იყოს ან იგივე იყოს. ჩემი აზრით, უფრო კორექტული იქნება, რომ თუ კონკრეტულ ბაზარზე არის მიმართული პროგრამა, კონკრეტულად ამ ბაზარზე იყოს განხილული და არა ზოგადად“, - განაცხადა გიორგი მშვიდობაძემ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში".
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში შესაძლოა ასევე განხილული იყოს სხვა ხარჯებიც, - "მაგალითად, ნიმუშების გაგზავნის ხარჯი, რომელიც ისეთი ძვირი ჯდება, რომ შეიძლება ნაწილობრივ ეს მომენტიც გათვალისწინებული იყოს".
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ექსპორტიორი კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას ითვალისწინებს, პირველი ბენეფიციარი უკვე ჰყავს. როგორც BMG-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კომპანიამ „შპს ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებისთვის 9 952 ლარი მიიღო.
რაც შეეხება ბიუჯეტს, შარშან და წელს პროგრამის ბიუჯეტი 2-2 მილიონი ლარია. 2023 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში 26-მა კომპანიამ შეიტანა განაცხადი მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებისთვის.