1-ელი იანვრიდან, პიკის საათებში, დედაქალაქში დიდი ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება. დედაქალაქის მერის თქმით, იქნება გარკვეული გამონაკლისები, მათ შორისაა სადისტრიბუციო მანქანები, რომლისთვისაც მოძრაობა დილის პიკის საათებში 2024 წლის 1 სექტემბრამდე არ შეიზღუდება. კალაძემ თქვა, რომ გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან თანამშრომლობით არის მიღებული და ოპტიმალურია, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზეც. თბილისის მერმა ისიც აღნიშნა, რომ გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე იმოქმედებს.
დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ლაშა რიჟამაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ კომუნიკაცია ნამდვილად იყო, რისი ინიციატორიც თავად ბიზნეს ასოციაცია გახლდათ. თუმცა წერილის გადაგზავნის შემდეგ, მერიის მხრიდან უკუკავშირი აღარ ყოფილა. ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ სექტემბრიდან შექმნილი ეს მოცემულობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროდუქციის 20%-ით გაძვირების გარეშე სადისტრიბუციო საქმიანობის გაგრძელებას.
"ჩვენი სექტორული ასოციაცია 90 კომპანიაზე მეტს აერთიანებს. 1 თვის წინ, ჩვენთვის გახდა ცნობილი,რომ მერია გეგმავდა ამ ცვლილებების ამოქმედებას. ამის შემდეგ, ჩვენივე ინიციატივით მივმართეთ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს რომ შევხვედროდით. იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასოციაციის ყველა წევრისთვის ამ გადაწყვეტილების გავლენა. შეხვედრაზე კომპანიებმა დეტალურად გააცნეს ყველა ის პრობლემა, რის წინაშეც დადგება სექტორი გადაწყვეტილების ამ ფორმით მიღების შემთხვევაში. მერიამ გვთხოვა, რომ გაგვეგზავნა დასაბუთებული პოზიცია წერილობითი სახით, რაც გადავგზავნეთ და ამის შემდეგ მერიის მხრიდან საერთოდ აღარ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია. ჩვენ პოსტფაქტუმ გავიგეთ გადაწყვეტილება ეთერიდან.
რაც შეეხება დილის საათებში 2024 წლის 1 იანვრიდან აკრძალვას, ეს კომპანიების 80%-სთვის არის პრობლემა, საღამოს საათები კი მხოლოდ 20%-ზე აისახება. იმისთვის, რომ დეტალურად გაგვევლო და შეგვეხედა პროცესისთვის დილის საათებში ეს შეზღუდვა უნდა ყოფილიყო ამოღებული. ეს მოცემულობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროდუქციის 10-დან 20%-მდე გაძვირების გარეშე სადისტრიბუციო საქმიანობის გაგრძელებას. როცა ადამიანი მაღაზიაში შევა არც პური და არც ახალი პროდუქტი არ დახვდება. ვგულისხმობ, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, კომპანიამ 11 საათზე რომ დაიწყოს მუშაობა 4 საათზე უნდა დაასრულოს, მერე საცობში რომ არ გაიჭედოს და არ დაჯარიმდეს. გამოდის დროის ძალიან მცირე ინტერვალი. როგორ წარმოგიდგენიათ, 4 საათი გაჩერდეს მუშაობა, 8 საათს დაელოდოს და მერე გააგრძელოს? გამოდის, მეორე თანამშრომლის აყვანა უწევს კომპანიას. გარდა ამისა, მეორე ასპექტია რომ ქსელებიც არ მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და პროდუქციის მიმღებიც არავინაა. ყველაფრიდან გამომდინარე გარდაუვალი იქნება ფასის ზრდა" - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.