მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვის კომიტეტმა EBRD-თან სასესხო შეთანხმებების დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტი კაკაურიძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განსახილველად წარადგინა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“.

მომხსენებლის განცხადებით, 2024 წლის 20 თებერვალს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თბილისში მყარი ნარჩენების სეპარირება-რეციკლირებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაფინანსების გამოყოფას. კერძოდ, ამ მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სესხის სახით 22 მლნ ევროს გამოყოფს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, მწვანე კლიმატის ფონდისგან (GCF) 4 მლნ ევროს ოდენობით სასესხო რესურსი გამოიყოფა.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ასევე წარუდგინა „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ N2 ცვლილების შეთანხმება“.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2018 წლის შეთანხმებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის სესხის სახით გამოიყო 38 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტი ითვალისწინებს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას, (მათ შორის ენგურის სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაციას). ასევე ჰიდრომეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრიული სადგურის მონტაჟს.

აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად საჭირო დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით, 2024 წლის 14 თებერვალს ხელი მოეწერა 2018 წლის 5 იანვარს გაფორმებული დოკუმენტის N2 ცვლილების შეთანხმებას, რომელიც სესხის დამატებასთან ერთად ითვალისწინებს პროექტის დასრულების ვადის გადაწევას 2029 წლის 31 დეკემბრამდე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.