მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბ მოსახლეობაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა მარტივია - ეკონომისტი

5faaa9666ba51
სალომე მეცხვარიშვილი
11.11.20 10:15
710
"სახელმწიფო ყოველთვს დგას ცდუნების წინაშე, რომ ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი ღარიბი მოსახლეობა, ეს არის ყველაზე მოწყვალდი ჯგუფი, რომელზეც პოლიტიკური გავლენის მოხდენა მარტივია", - ამის შესახებ ეკონომისტი ირაკლი მაკალათია აცხადებს.

ასე ეხმაურება ის საარსებო შემწეობის მიმღებთა მზარდ რიცხვს, რომელიც მატებას განსაკუთრებით საარჩევნო წლებში აჩვენებს.



ეკონომისტის შეფასებით, ეს თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იზრდება სიღარიბე ქვეყანაში.

“სახელმწიფო შემწეობის მიმღები ბენეფიციარების ზრდა ნიშნავს, რომ მოსახლეობის სიღარიბის დონე იზრდება და ამას ცხადყოფს ოფიციალური სტატისტიკა, მით უმეტეს, რომ მეთოდოლოგიის ცვლილება სახეზე არ გვაქვს. სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ფინანსური დახმარება გასცეს, პირიქით, მისი პოლიტიკა უნდა აისახოს ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც გამოიწვევს მოსახლეობის გამდიდრებას. ადამიანები აღარ უნდა იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფო შემწეობებზე”, - აცხადებს მაკალათია.

მისივე თქმით, მიუხედავად საარსებო შემწეობის სიმცირისა, ხშირად ადამიანები თავს იკავებენ სამსახურის დაწყებისგან იმის შიშით, რომ სახელმწიფო დახმარება არ დაკარგონ.

“მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ შეინარჩუნებენ სამსახურს და ექნებათ მზარდი შემოსავლები… ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აისახება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც, ინფლაციაზე, ვალუტის კურსზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების დონეზე. ინფლაციის დონე განსაკუთრებით მაღალია სასურსათო და ჯანდაცვის ჯგუფში, დაბალშემოსავლიანი ადამიანების ძირითადი მოხმარება კი სწორედ ამ ორ ჯგუფზეა და როცა აქ მაღალი ინფლაცია გვაქვს, ეს აისახება მათ ჯიბეზე და მათი ცხოვრების დონის გაუარესებაზეც”, - აცხადებს მაკალათია.

შეგახსენებთ: 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 7-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. შედეგად, სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას უკვე 502 258 ადამიანი იღებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 13.5%-ია. საარსებო შემწეობის მიმღებთა ამაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, როცა შემწეობას 506 245 პირი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 11.3% იყო. შედეგად, საქართველოში მცხოვრები 140 ათასი ოჯახისთვის სახელმწიფოსგან დანიშნული მინიმალური თანხა(თვეში მაქსიმუმ 60 ლარი თითო ადამიანზე) ხშირ შემთხვევაში ერთადერთი შემოსავალია. ბოლო ერთ წელში კი, წინა წლის სექტემბერთან შედარებით დახმარების მიმღებთა რიცხვი 17%-ით არის გაზრდილი.