მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთლიანად ელექტრონულ სისტემაზე გადავდივართ, შესაბამისად, გარიგებები დახურულ კარს მიღმა, ფაქტობრივად გამორიცხულია, - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბაზრის მოკვლევის ელექტრონული სისტემის შემოღებაზე და შესყიდვების სისტემის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მაღალი სტანდარტები დაწესდება კადრების შერჩევის ნაწილშიც.
„რაც შეეხება კადრებს, ძალიან მაღალი სტანდარტი გვექნება სახელმწიფო შესყიდვების გამოცდილების მიმართულებით, ხელმძღვანელიც იქნება ძალიან გამოცდილი და ავტორიტეტული ამ მიმართულებით და შესაბამისად იქნებიან კადრებიც. მთავარ შედეგებს საზოგადოება დაინახავს მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ნახავს, თუ რა ეკონომიები ჰქონდა სახელმწიფოს ადრე და რამდენი ექნება შემდეგ. ასევე რამდენი დავა წარმოიშობა. დავებიც ერთ-ერთი ინდიკატორია - რამდენად მიდის ბიზნესი სასამართლოში, ან დავების საბჭოში და რამდენად აყენებს ვთქვათ იგივე დისკრიმინაციული მოპყრობის ან სხვა ნებისმიერ საკითხს კონკრეტულ უწყებაში, ეს იქნება სასამართლო, თუ დავების საბჭო. ესენია ის ინდიკატორები, რომლითაც შემდეგ ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, რამდენად ეფექტური იქნება განხორციელებული ცვლილებები,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, იგეგმება, რომ დიდი შესყიდვები მთლიანად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ გადაიბაროს.
როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ბაზრის კვლევების ჩატარება, ეს სააგენტო შეასრულებს მათ შორის, ტექნიკურ დავალებას, რამდენად სწორად არის შესყიდვა განხორციელებული, ხომ არ არის მორგებული კონკრეტულ ბრენდზე ან კომპანიაზე. მისი თქმით, განხორციელდება ბაზრის კვლევის პროცედურა, შესყიდვის პროცედურა და სააგენტო გააკონტროლებს, რომ შესრულება იყოს ხელშეკრულების შესაბამისი.
„ჩვენ პრობლემები გვქონდა მათ შორის ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ გადაიხადოს ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი საბაზრო ღირებულება და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში გაჩნდეს განცდა, რომ ბიზნესისთვის არსებობს თანაბარი გარემო. როდესაც 8 მილიარდის შესყიდვას ახორციელებს სახელმწიფო, მნიშვნელოვანია ეს ხარჯთეფექტიანობისთვის“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, არსებობს მიზანი, რომ შეიქმნას განცდა და ფაქტიც შედგეს, რომ სამართლიანად მიმდინარეობს ქვეყანაში ყველა ბიზნეს პროცესი და შესყიდვები.
„გვქონდა ასეთი პრაქტიკებიც, არიან კომპანიები, რომლებიც ერთმანეთში რიგდებიან, ბაზარს ხელოვნურად იყოფენ, ეს მარტო სახელმწიფოს მხრიდან არ იყო, ბიზნესსაც სერიოზული პრობლემები აქვს. მაგრამ აქ სისტემამ არ უნდა გიკარნახოს, სისტემამ უნდა დააზღვიოს, ამაში არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რისკენაც ჩვენ მივდივართ და შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული გარდატეხები შევიტანეთ ამ მიმართულებით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის მხრიდან მსგავსი პრეტენზია და მსგავსი განცხადება ფაქტობრივად არ მოგვისმენია. მე აქ საუბარი მაქვს როგორც საჯარო, ასევე არასაჯაროდ სულ კონტაქტზე ვართ.
მაგალითად პრემიერ-მინისტრს ალბათ რამდენიმე შეხვედრა აქვს კვარტალში ერთხელ ბიზნესსექტორთან და ისმენს ყველა პრობლემაზე, გამოწვევაზე და ა.შ. მაგალითად, ბოლოს BAG-ს კონფერენციას ესწრებოდა. ყველაფერზე გვქონდა პასუხი, რადგან პირველ რიგში არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხები გადაიჭრას. არსებობს მიზანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა განცდა და ფაქტიც შედგეს, რომ სამართლიანად მიმდინარეობს ამ ქვეყანაში ყველა ბიზნეს პროცესი შესყიდვები და რომ ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად დავხარჯოთ ბიუჯეტი, გავუფრთხილდეთ ამ პროცესს, რომელსაც ჩვენ ვაგებთ და გავიარეთ კიდეც საკმაოდ წარმატებითაც“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, იქმნება მოდული, სადაც შესაძლებელი იქნება შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია გამჭვირვალედ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის ქართული ნოუჰაუ.
"თუკი რაიმეს დაზუსტება მოუნდება კონკრეტულ ბიზნეს-სუბიექტს, კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციიდან მიიღებს ავტომატურად პასუხს. ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას ექნება თავისი უნიკალური ანგარიში, მეილი. ეს არის ქართული ნოუჰაუ. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ბევრგან არის შესყიდვების ელექტრონული მოდული, მაგრამ ბაზრის კვლევის ეტაპზე არც ერთ წევრ და კანდიდატ ქვეყანას არ აქვს და ეს პირველად ჩვენთან დაინერგება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.




























