მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გარიგების დასრულებასთან ახლოს ვართ" - ირაკლი რუხაძე "ლიბერთის" გაყიდვაზე

ირაკლი რუხაძე

"გარიგების დასრულებასთან ახლოს ვართ” - ამის შესახებ BMG-ის ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ბაზისბანკის“ მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენის საკითხზე განუცხადა.

როგორც ლიბერთის“ მფლობელი ამბობს, მხარეები აქტიურად მუშაობენ, რათა გარიგება მალე დასრულდეს.

რამდენიმე ვრცელი დოკუმენტის ბოლო შტრიხებს ვათანახმებთ", - უთხრა მან BMG-ის.

აღსანიშნავია, რომ ბაზის ბანკსა“ და ლიბერთი ბანკის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რაზედაც BMG რამდენიმე თვის წინ წერდა, დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა. საქმე ის არის, რომ მარეგულირებლის განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო.

"საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო 1, ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: [email protected]", - ეწერა სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვის ეკუთვნის და რა ზომისაა "ლიბერთი ბანკი" და "ბაზისბანკი"

"ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5.45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3.9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

რაც შეეხება "ბაზისბანკს", ბანკი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

შედეგად, გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, ხოლო საკრედიტო პორტფელი კი თითქმის - 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები