მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გარიგების სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს" - თურნავა "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთის" შესყიდვაზე

ნათია თურნავა

"მე როგორც ვიცი, გარიგების სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს და ეს ისევ ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკების საგანია და მე მეტს ვერაფერს ვიტყვი,"- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ BMG-სთან "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შესყიდვის საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხად.

"ბაზისბანკმა" ეროვნულ ბანკს "ლიბერთი ბანკის" შესყიდვის ეფექტის შესასწავლად 2025 წლის 8 ივლისს მიმართა, 17 აგვისტოს კი სებმა დაადგინა, რომ აღნიშნული კონცენტრაცია საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ კონკურენციაზე ნეგატიურად არ აისახებოდა.

"კონცენტრაციაზე განაცხადით თავდაპირველად მოგვმართეს. დადებითად გადაწყდა რომ ორი მსხვილი ბანკის გაერთიანება არ გამოიწვევდა კონკურენციის მხრივ პრობლემებს და პირიქით დადებითად წაადგებოდა ჩვენ საფინანსო სექტორში ისედაც მაღალ კონცენტრირების მაჩვენებელს. რაც შეეხება თვითონ გარიგებას. მე როგორც ვიცი, გარიგების სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს და ეს ისევ ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკების საგანია და მე მეტს ვერაფერს ვიტყვი,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ 2025 წლის სექტემბერში BMG-ის განუცხადა, რომ მხარეთა შორის ბანკის გასხვისებაზე მოლაპარაკებების დაწყების შემდგომ თავად "ლიბერთი ბანკის" ფინანსური მაჩვენებლები და პარამეტრები საგრძნობლად გაუმჯობესდა, შესაბამისად ის თანხა რაზეც თავდაპირველად იყო მსჯელობა უნდა გადახედილიყო.

„ეს უფრო შედეგია, ვიდრე მიზეზი. მიზეზი კი ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა „ბაზისბანკს“ დაუწესა რაღაც შეზღუდვები და წინაპირობები, რის გამოც გარიგება გაიწელა... მაგალითად, დოკუმენტაცია, განსაკუთრებით ჩინეთიდან, არ იყო მარტივი შესაგროვებელი. ამას მოჰყვა სხვადასხვა გართულება. ერთ-ერთი ისიცაა, რომ „ლიბერთი“ გაიზარდა ამ დროის განმავლობაში და ის გარიგება, რომელიც წლის დასაწყისში გავაკეთეთ, დღეს სხვანაირად გამოიყურება, თუმცა გარიგებაზე მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

2025 წლის 9 თვეში "ლიბერთი ბანკმა" 94.5 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც წლიურად 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. "ბაზისბანკის" მოგება კი 79 მილიონ ლარს შეადგენდა (+40%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები