მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარკვეულ კლინიკებს მოუწევთ გადაწყობა, უნდა მოერგონ დღევანდელ რეალობას - აზარაშვილი DRG-მეთოდზე

63c7925a3a0d2
ინგა მურუსიძე
18.01.23 10:26
1129
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა კლინიკებში ინფექციების კონტროლის ღონისძიებები და უკვე შემოწმდა ასზე მეტი კლინიკა. მინისტრის თქმით, ინფექციების კონტროლის კუთხით, ბევრ შემთხვევაში იყო პრობლემები.

„2022 წელს აქტიურად დავიწყეთ კლინიკებში ინფექციების კონტროლის ღონისძიებები, ასზე მეტი კლინიკა უკვე შევამოწმეთ, ზოგი ორჯერაც, ზოგი სამჯერაც, სადაც ინფექციების კონტროლის კუთხით საკმაოდ ბევრ შემთხვევაში იყო პრობლემები, სამწუხაროდ, ათეულობით კლინიკაში. შიდაჰოსპიტალური ინფექციები არის ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში და საქართველოშიც, თუმცა ჩვენთან, სამწუხაროდ, უფრო რთულად იყო საქმე. ამ სისტემური მიდგომებით, მუდმივი გადამოწმებით, სხვადასხვა სახელმძღვანელოს, ტრენინგებსაც ვთავაზობდით მათ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ვუზიარებდით, თუ როგორ უნდა მოეწესრიგებინათ. არანაირი კაპიტალური დანახარჯები ამას არ სჭირდებოდა და კლინიკები მარტივად და სწრაფად აგვარებდნენ ამას ხშირ შემთხვევაში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, 2025 წლიდან ნებისმიერი კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იქნება ჩართული, ვალდებული იქნება, ჩვენს მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი საერთაშორისო მაკრედიტირებელი კომპანიის აკრედიტაცია გაიაროს. „კლინიკებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად აირჩიოს კომპანია, რთული სტანდარტი უნდა თუ მარტივი. 2023 წლისთვის კლინიკებს კომპანია უკვე შერჩეული უნდა ჰყავდეთ და თვიშეფასება გაკეთებული“, - ამბობს აზარაშვილი.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ, ნებისმიერი კვლევით, ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა 10 000-ს არ უნდა აღემატებოდეს, დღეს კი საქართველოში 19 000-მდე ჰოსპიტალური საწოლია, იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროება არსებობს.

„საქართველოში ბევრი კვლევაა ჩატარებული, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ეს სტანდარტები მკაცრად კონტროლდება, ყველაზე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. სამედიცინო სერვისებზე უნდა ჰქონდეს მოსახლეობას ხელმისაწვდომობა, მაგრამ ეს ხელმისაწვდომობა იქნება არაეფექტური, თუ არის ორჯერ და სამჯერ მეტი, ვიდრე გვჭირდება. დღეს საქართველოში 19 000-მდე ჰოსპიტალური საწოლი გვაქვს. ნებისმიერი კვლევით და რეკომენდაციით, არ უნდა აღემატებოდეს ათი ათას საწოლს. დაახლოებით ორჯერ მეტი გვაქვს. ეს ჩანს დატვირთულობიდანაც, დაახლოებით 45 პროცენტის ფარგლებშია კლინიკების დატვირთულობა. შესაბამისად, ის დაუტვირთავი ნაწილი, რაც კლინიკაშია, ამ 45 პროცენტის ხარჯზე არსებობს. აქედან გამომდინარეა არაეფექტური. ხარისხს ვერანაირად ვერ მივაღწევთ, თუ იმაზე გაცილებით მეტი გვექნება, ვიდრე გვჭირდება. ამ საწოლებს სჭირდება ის მინიმალური რაოდენობა ექიმების, ექთნების, დამხმარე პერსონალის, ადმინისტრაციის და ა.შ. შესაბამისად, სახელმწიფო ამ „დიარჯის“ სისტემით და ხარისხთან დაკავშირებული სხვადასხვა რეფორმით უნდა იღებდეს ხარისხიან სერვისს ადეკვატურ ფასად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ რეგულაციების შედეგად შეიძლება შემცირდეს საყოველთაო დაზღვევაში ჩართული კლინიკების რაოდენობა, მინისტრი პასუხობს, რომ გარკვეულ კლინიკებს მოუწევთ გადაწყობა, უნდა მოერგონ დღევანდელ რეალობას.

„ჩვენი რეფორმები მიმართულია ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ასევე ადეკვატური და სწორი საფასე პოლიტიკისკენ. როგორც ფარმაცევტულ ნაწილში გვაქვს 35-40 პროცენტი სახელმწიფოს მონაწილეობა და 2026 წლიდან უნდა ავიდეთ 92 პროცენტამდე, ასევე კლინიკების და სამედიცინო ჩარევების ნაწილში მაქსიმალურად უნდა დავფაროთ მოსახლეობის სამედიცინო ხარჯები. მნიშვნელოვანია, გადავიხადოთ სწორი ფასწარმოქმნით დადგენილი ფასები როგორც მედიკამენტებში, ასევე სამედიცინო ნაწილში“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ადამიანებს კლინიკებში ეუბნებიან, რომ „დიარჯის“ სისტემის მიერ ანაზღაურებული მანიპულაცია, იმპლანტაცია ან სხვა, შეიძლება არ იყოს იმ ხარისხის, რასაც ისინი სთავაზობენ კომერციული ფასის გადახდის შემთხვევაში“, აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები მაღალი ხარისხის სამედიცინო სახარჯ მასალებზეა გათვლილი.

„ერთ-ერთ პრობლემად „დიარჯის“ სისტემის შემოღების შემდეგ ესეც დასახელდა. იმპლანტაციის შემთხვევა იქნება თუ სხვა, რამდენიმე ხარისხის შეთავაზება ხდება. ტარიფები, რაც გვაქვს გამოყვანილი, არის მაღალი ხარისხის სამედიცინო სახარჯ მასალებზე გათვლილი. ორთვიანი გამოცდილებით, შევქმენით შესაბამისი ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ სტანდარტებს ასეთი სამედიცინო სახარჯი მასალებისთვის, რომლის გამოყენებაც ხდება. უკვე კონკრეტული მოთხოვნა ექნებათ კლინიკებს. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ხარისხის არის, თუმცა ხანდახან, ზოგიერთ შემთხვევაში ცდილობენ ადამიანის დარწმუნებას, რომ იქნებ თვითონ პაციენტმა გადაიხადოს, თან ორჯერ ძვირად, ვიდრე სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ვაფინანსებთ მაღალი ხარისხის სამედიცინო სახარჯ მასალებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრი გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" იმყოფებოდა სტუმრად. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები