მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გარკვეული კულტურის ჩამოყალიბება სჭირდება" - გიორგი კაკაურიძე ჩრდილოვან ეკონომიკაზე

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის მიმართულებით კონტროლის გამკაცრებით ბევრი რესურსის მობილიზება ვერ მოხდება. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.

საქსტატის შეფასებით, ჩრდილოვან ეკონომიკა, ანუ დაუკვირვივებადი ეკონომიკა, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ეკონომიკის 13.6%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

BMG დაინტერესდა როგორ აფასებს მინისტრის მოადგილე ტენდენციას და მათ შორის თუ ხედავს კონტროლის გამკაცრების საჭიროებას, რომ გადასახადებისგან თავის არიდება არ მოხდეს. როგორც კაკაურიძე განმარტავს, იგივე სოფლის მეურნეობის ნაწილში ვაჭრობა გადასახადებისგან გათავისუფლებულია, თუმცა ამის მიუხედავად, ფერმერები დღგ-ს გადამხდელად არ რეგისტრირდებიან. კაკაურიძის თქმით, ამ ნაწილში კულტურის ჩამოყალიბებაა საჭირო.

"კონტროლის გამკაცრება მხოლოდ ამ ნაწილში, ალბათ, რესურსის კუთხით ბევრს არ მოგვცემს. ანუ ჩვენ რომ ვისაუბროთ, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ კონტროლი და ეს მოგვცემს დამატებით ასეულობით მილიონს, ეს ასე ნამდვილად ვერ იქნება. მარტივი მიზეზის გამო, მაგალითად, ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკა არის, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ნაწილში, მაგალითად სოფლის მეურნეობის ნაწილში, გათავისუფლებულია დღგ-სგან, გათავისუფლებულია გადასახადებისგან, ფერმერს შეუძლია უბრალოდ დარეგისტრირდეს, როგორც დღგ-ს გადამხდელი, რეალურად მას არ უწევს დღგ-ს გადახდა, რასაც გადაიხდის, ითვლის და იბრუნებს ამ გადასახადს, თუმცა, სამწუხაროდ, ფერმერების ძალიან დიდი ნაწილი ამ მიმართულებით პასიურობს და ეს მათაც აზიანებს, საბოლოო ჯამში, იმიტომ, რომ დიდ კომპანიას უკვე მათგან მიღებული პროდუქტი ნაკლებად აწყობს, ვინაიდან შესაბამისი დოკუმენტაცია არ არის და ასე შემდეგ, ამიტომ აქ ბევრი დრო სჭირდება ალბათ, გარკვეული კულტურის ჩამოყალიბება სჭირდება, სამწუხაროდ, იყო ის ტენდენცია, რომ ყველას უნდოდა, რომ სახელმწიფოსთვის მოეტყუებინა და ნუ ასე ცხოვრობდა ჩვენი ქვეყანა 30 წლის წინ, შემდგომ ნელ-ნელა გამოსწორდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს მაინც დარჩენილია. ამიტომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები გვქონდეს, ძირითადად, მაინც კულტურის ცვლილებას უკავშირდება გადასახადის მიმართულებით, ვინაიდან გათავისუფლებული ადამიანები, რომელთაც შეუძლია ყველაფერი დეკლარირებულად გააკეთონ, ამით გადასახადი არ გადაიხადონ და ეკუთვნის კანონით დადგენილი შეღავათი, ისინი ამით არ სარგებლობენ და ცდილობენ მაინც ასე ვთქვათ ჩრდილოვან ეკონომიკაში იყვნენ აქტიურები",- ამბობს მინისტრის მოადგილე.

კითხვაზე, ამ ფონზე, რამდენად სწორი იყო გარე სავაჭრო სივრცეებში საკონტროლო-სალარო აპარატების ვალდებულების გადავადება, კაკაურიძე აღნიშნავს, რომ ხისტი ბერკეტები ალბათ, სწორი მიდგომა არ იქნება.

"აღრიცხვიანობა არის ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში სოციალური ბაზა იყოს. თუ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას ნახავთ, იქ სოციალური ინფორმაცია მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანზე არ აქვთ, ნებისმიერ ადამიანზე აქვთ სოციალური ინფორმაცია. ადრე თუ გვიან უნდა მივიდეთ აქამდე, თუმცა ამისთვის არის ბევრი ნაბიჯები. კომუნიკაცია რომ გვქონდა თუნდაც ამ სალარო აპარატებთან მიმართებაში, ტექნიკურად იმდენად პრობლემური არის ამ ხალხისთვის და მომზადებას ვერ ახერხებენ, სამწუხაროდ, ცდილობენ, რომ ვერ მოხერხდეს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ორგანიზებულ ვაჭრობაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ხისტი ბერკეტებით, რომ გინდა თუ არა, ხვალიდან ყველაფერი უნდა გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებ და ასე შემდეგ, ალბათ სწორი მიდგომა არ იქნება, თუნდაც იმ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ იმ ადამიანებსაც გარკვეული დახმარება სჭირდებათ ამ კუთხით",- ამბობს მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები