“ქართული დაფნის” ხელმძღვანელი მამუკა ალფაიძე ამბობს, რომ დაფნის ფოთოლზე მოთხოვნა არის და ექსპორტის მიმართულებით პოტენციალი აუთვისებელია. მან მიმდინარე ტენდენციებსა და კომპანიის გეგმებზე BM.GE-სთან ისაუბრა.
2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტირებულია 4.2 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი, 17.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წლის ჭრილში ექსპორტის რაოდენობა 27%-ით (896 ტონა) ხოლო ღირებულება 23%-ით (3.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზარია ჩინეთი (73%) და რუსეთი (15%).
როგორც მამუკა ალფაიძე აცხადებს, კომპანიის წარმოება სეზონზე დაახლოებით 200 ტონამდეა. ვანში მდებარე საწარმო 40-მდე ადამიანს ასაქმებს. “ქართულმა დაფნამ" წარმოება 2018 წელს დაიწყო და ვანში ორი ქარხანა აქვს, სადაც დამფუძნებლის ცნობით, დაახლოებით 2.5 მლნ ლარის კაპიტალური დანახარჯია გაწეული.
"მოთხოვნა არის დაფნაზე, ეს არაა პრობლემა ჯერჯერობით. ჩვენი საექსპორტო ბაზრებია უფრო მეტად უკრაინა, მერე ჩინეთი, მცირე რაოდენობით რუსეთში გაგვაქვს. იმდენს ვერ ვაკეთებთ, რამდენიც შეგვიძლია. მეტიც შეგვიძლია, მაგრამ მუშახელის პრობლემებიც არის და ასევე, დაფნის ფოთოლი რთული ტექნოლოგიური დასამუშავებელია, ხელით შრომას მოიცავს დიდი რაოდენობით და მაგაზე ვმუშაობთ, რომ ნელ-ნელა მექანიზაცია მოხდეს.
წინასწარი კონტრაქტები გვაქვს უკვე. მომავალი სეზონისთვის ვემზადებით, დანადგარებს ვამზადებთ და ასე შემდეგ. შეკვეთები გვაქვს და იმედია ყველაფერს კარგად შევასრულებთ",- ამბობს მამუკა ალფაიძე.
ის ხაზს უსვამს ჩინეთიდან მზარდ ინტერესს: "ჩათვალეთ, ქართული დაფნის 100% გადის ექსპორტზე. მთელი საქართველოს წარმოება ვერ ყოფნის მარტო ჩინეთს. თურქეთი აწვდიდა ჩინეთს 20 000 ტონას. საქართველო აწარმოებს მთლიანად სადღაც 5 000 ტონას. მთელი ჩინეთი გადმოერთო იმის გამო, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს ჩინეთთან და არ იბეგრება, 30%-იანი სხვაობაა უკვე თურქულ და ქართულ დაფნას შორის, ამიტომ მაღალია ინტერესი. ჩინეთიდან ჩამოსული არიან ზუგდიდში, ხობში. დაფნის გასაღების პრობლემა არ არის, მთავარია ვაწარმოოთ ბევრი",- აღნიშნავს მამუკა ალფაიძე.
“ქართული დაფნის” ხელმძღვანელი საუბრობს იმ გამოწვევებზეც, რაც წარმოების გაფართოებას აფერხებს.
"გამოწვევა ძირითადად მუშახელს უკავშირდება. ხელფასი ხომ უნდა გაზარდო ვთქვათ ბევრი რომ გააკეთო და როცა ამას ზრდი, თვითღირებულება იზრდება და ოქროსი ხომ არ უნდა გახდეს ჩვენი წარმოებული პროდუქტი. ამიტომ, საჭიროა გარკვეული დანადგარები, მაგრამ 500 000 დოლარი და მეტი ღირს. საექსპორტო პროდუქტი კი არის, მაგრამ ამხელა ფულს დაფნის მწარმოებლები ვერ შოულობენ, რომ ასეთ დანადგარებს შეწვდნენ და იყიდონ.
ასევე, მიწის შოვნა ძალიან რთულია დასავლეთ საქართველოში. ვეძებთ ახლა ერთ 100-120 ჰექტარამდე, მაგრამ მიწები ჭირს ძალიან.
დაფნა ექსპორტზე გადის და ჩვენ ასე თუ ისე რაღაცნაირად ვუძლებთ, თუმცა ზოგადად, დამწყებებისთვის, ადგილობრივი პროდუქცია ადგილზე რომ აწარმოო და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდო, აქ წარმოუდგენელი სირთულეებია. კომპლექსური საკითხია და კარგი იქნებოდა, იყოს ამაზე მუშაობა კოორდინირებულად, ეს პრობლემები რომ აღიწეროს და მერე რაღაც გამოსავალი უნდა ვეძიოთ. წარმოება თუ არ განვითარდა, ქვეყანა ვერ განვითარდება",- ამბობს მამუკა ალფაიძე.



























