საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა 2021 წელს დაიწყო. მმართველობითი მოდელის ცვლილება საპილოტე რეჟიმში "სახელმწიფო ელექტროსისტემაში' განხორციელდა. გასულ წელს მართვის კორპორაციული სტანდარტების დანერგვა კიდევ სამ სახელმწიფო საწარმოში დაანონსდა, ესენია: საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და აეროპორტების გაერთიანება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ რეფორმის ტემპი ასაჩქარებელია, თუმცა პროცესი მარტივი არ არის.
„ძალიან კარგი იქნება თუ [სახელმწიფო საწარმოების რეფორმა] დაჩქარდება. რთული საკითხებია, არ არის ეს მარტო რეფორმა, უმეტესი სახელმწიფო საწარმოს რეფორმა დამოკიდებულია ფასების ცვლილებაზე. ისეთ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება მოსახლეობას შეეხოს, ამიტომ არ არის მარტივი, მაგრამ გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს.
მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს რეფორმა მიდის, მაგრამ ვისურვებდი უფრო სწრაფად წასულიყო“.
- რა სჭირდება, რომ სწრაფად წავიდეს?
-გადაწყვეტილების მიღება.
-რა აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას?
-გითხარით, რომ არ არის მარტივი. ავიღოთ თუნდაც ელექტროგადამცემი ხაზები. იქ მაშინ ტარიფების რეგულაცია უნდა მოხდეს, ეს სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, უნდა გამოიძებნოს თვითღირებულების შემცირების რაღაც წყარო, თუ ფასმა უნდა მოიმატოს და ა.შ და ა.შ არ არის მარტივი. ამ თემებში სავალუტო ფონდიც ჩართულია, ენერგეტიკას დიდ ყურადღებას აქცევენ და ყველაფერი ერთობლივად, შეთანხმებულად უნდა მოხდეს“,-განუცხადა პაატა კვიჟინაძემ bm.ge-ს.
აღსანიშნია, რომ სახელმწიფო საწარმოების მოგება ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა ძირითადად, კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგების ხარჯზე. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგებამ გასულ წელს 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 86%-ზე მეტი, სწორედ, კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგებაა.
როგორც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში მთავრობა წერს, ეს ნიშნავს, რომ საწარმოთა ბოლო 2 წლის მოგება მდგრადი არ არის და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში შესაძლოა ეს მაჩვენებელი ზარალის მიმართულებით შებრუნდეს.
ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში 310 სახელმწიფო საწარმო მოხვდა, საიდანაც 152 ცენტრალური ხელისუფლების, ხოლო 158 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ასევე, ჩამოთვლილ საწარმოებს ჯამურად 93 შვილობილი საწარმო გააჩნიათ.