მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ კვირას გლობალურმა საფონდო ბირჟამ $1 ტრილიონის კაპიტალიზაცია დაკარგა

ბირჟა ეცემა

გასული კვირა გლობალური საფონდო ბირჟისათვის განსაკუთრებით არასახარბიელო იყო, რადგან აშშ-ის ფლაგმანურმა ინდექსმა, S&P 500-მა 1.7%-იანი კორექცია განიცხადა, Dow Jones-ისა და Nasdaq-ის ინდექსების შემთხვევაში კი კლება 2.5% იყო, რაც 2025 წლის ყველაზე ცუდი შედეგია.

ნეგატიური განწყობა იყო ევროკავშირის მასშტაბითაც, რაც მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული მოლოდინებით იყო განპირობებული. საერთო ჯამში, გასული კვირის განმავლობაში გლობალურმა საფონდო ბირჟამ დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა.

კომპანიების აქციების მკვეთრი კლება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებთან იყო დაკავშირებული, რომელიც ავტომობილების, ფარმაკოლოგიური პრეპარატებისა და ნახევარგამტარების იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. ინვესტორების შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი „სავაჭრო ომს“ უფრო მეტად გაამწვავებს, რაც უმსხვილესი კომპანიების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება, რადგან მათ გაუარესებულ გარემოში მოუწევთ ოპერირება.

მორიგი ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება, რომლის მოგვარებასთან დაკავშირებით ტრამპს უჩვეულო მიდგომა აქვს, რაც მოლაპარაკების პროცესიდან უკრაინისა და ევროკავშირის გამოთიშვას გულისხმობს. ინვესტორები შიშობენ, რომ ეს სტრატეგია შედეგს ვერ გამოიღებს და კონფლიქტი უფრო მეტად გამწვავდება, რაც ევროპის რეგიონისათვის განსაკუთრებით დიდი პრობლემა იქნება.

გარდა ამისა, გასულ კვირას აშშ-ისა და ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურებმა ეკონომიკური აქტივობის პარამეტრები განაახლეს, შედეგებმა კი მოლოდინები გააცრუა, რადგან ეკონომიკური ზრდის დინამიკა იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ამას ბირჟის მონაწილეები მოელოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები