მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ წელს 200-მდე თანამდებობის პირმა 12 მლნ ლარის საჩუქარი მიიღო - TI

დოლარი

2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქონებრივი დეკლარაცია 198-მა თანამდებობის პირმა შეავსო, სადაც 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობაა ასახული, რომლის მიხედვითაც, ჯამში მათ 12 მლნ ლარის ღირებულების ფულადი და არაფულადი სახის საჩუქრები მიიღეს. კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, თანამდებობის პირებმა ყველაზე ხშირად საჩუქრის სახით ნაღდი ფული (6.6 მლნ ლარი) და უძრავი ქონება (5 მლნ ლარი) მიიღეს. ასევე, საჩუქრად იქნა მიღებული 11 ავტომობილი, 13 ერთეული სამკაული და 4 ცეცხლსასროლი იარაღი.

2024 წელს მიღებული საჩუქრების 61% – ანუ 7.5 მლნ ლარი – საჯარო მოხელეებმა მშობლებისგან მიიღეს. საჩუქრები მათ შორის ხშირად უცხოურ ვალუტაში – დოლარსა (€4.6 მლნ) და ევროებში (€200 ათასი) გაიცემოდა.

მიღებული საჩუქრების მოცულობის მიხედვით, პირველ ადგილზე არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები – 19-მა პირმა ჯამში 1.45 მლნ ლარის საჩუქარი მიიღო. მათ მოსდევენ შსს-ს თანამშრომლები და მოსამართლეები, რომლებმაც 1.3-1.3 მლნ ლარის საჩუქრები ასახეს დეკლარაციებში.

უწყებები, რომელთა თანამშრომლებმა ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქრები დაადეკლარირეს

მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს:

  • მამუკა ვასაძემ (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) – 150,000 დოლარი დედისგან (დაახლოებით 406,500 ლარი);
  • მანანა კობახიძემ (საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი) – 44,500 დოლარი შვილისგან;
  • ილია ინჯიამ (პარლამენტის წევრი) – 61,500 დოლარი მშობლისგან;
  • გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ – 43,000 დოლარი შვილისგან.

30-მა თანამდებობის პირმა 2024 წელს მიღებული საჩუქრები ასევე 2023 წლის დეკლარაციაშიც დააფიქსირა. მაგალითად:

  • დავით ზილფიმიანმა (პარლამენტის ყოფილი წევრი) 2023-2024 წლებში ჯამურად 778,000 ლარის საჩუქარი მიიღო;
  • ბუბა ლომუაშვილმა (იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე) – 280,000 ლარის;
  • ვახტანგ მაისურაძემ (კასპის მერი) – 188,000 ლარის.

2024 წლის ტოპ 10 მაღალჩინოსანი ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქრებით

(საჩუქრები დეკლარაციაში ასახულია 2025 წლის იანვარ-აგვისტოში)

# სახელი, გვარი თანამდებობა მიღებული საჩუქრის ღირებულება (ლარი) საჩუქრის წარმომავლობა
1 გიორგი კუჭუხიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი 528,142 ლარი მამისგან
2 გიორგი ღიბრაძის მეუღლე (თამარ ბიწაძე) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე (ყოფილი) დაახლოებით 459,000 ლარი (170,000 დოლარი) დედისგან
3 მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დაახლოებით 406,500 ლარი (150,000 დოლარი) დედისგან
4 ირაკლი შენგელიას მეუღლე (ლანა თევზაძე) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დაახლოებით 406,500 ლარი (150,000 დოლარი) მეუღლისგან
5 ნინო ბაგაშვილი სსიპ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსი დაახლოებით 352,300 ლარი (130,000 დოლარი) მშობლისგან
6 იოსებ ჭელიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (2025 წლის ივნისამდე) დაახლოებით 333,300 ლარი მამამისისგან მიღებული სამი უძრავი ქონება
7 ლევან წიტაიშვილი სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე დაახლოებით 317,000 ლარი (78,500 დოლარი) მამისგან
8 ნიკა უნდილაშვილი ელგუჯა უნდილაშვილის შვილი (დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) 300,000 ლარი მამისგან
9 დავით ონოფრიშვილი სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსი 248,000 ლარი დედისგან, დისგან
10 კახაბერ ესებუა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს უფროსის მოადგილე 247,199 ლარი დედისგან

საქართველოს კანონმდებლობით, თანამდებობის პირებს ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ გადაწყვეტილებებზე ან წლიური ხელფასის 5%-ს აღემატებოდეს, გარდა ახლო ნათესავებისგან მიღებული საჩუქრებისა.

TI Georgia-ის შეფასებით, ამგვარი გამონაკლისი შესაძლებელია იქცეს კანონის გვერდის ავლის მექანიზმად, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არსებობს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი.

ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს მსხვილი საჩუქრების თითოეული შემთხვევა — ხომ არ გამოიყენება ოჯახური საჩუქრების მექანიზმი უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები