2022 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 22.8%-ით გაიზარდა და 259.6 მლნ ლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის 2022 წლის შედეგებში განმარტებულია, რომ არაკომერციული ორგანიზაციები საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რომლებიც ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე ორიენტირებულნი არ არიან. ასეთი ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში რეალიზდება. ამასთან, აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები თვითდაფინანსებაზე იმყოფებიან და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.
გასული წლის ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი განათლების (36.7%), აგრეთვე, ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (24.2%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (19.6%), სხვა სახის მომსახურების გაწევის (5.7%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (3.6%) და მშენებლობის (3.2%) დარგის ორგანიზაციებზე მოდის.
2021 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 18.1-ჯერ გაზრდილია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა დარგში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგში (85.7%-ით), ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების დარგში (78.8%),
ტრანსპორტი და დასაწყობების დარგში (62.5%), მშენებლობის დარგში (60%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (31.7%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში (16.2%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგში (8.9%), განათლების დარგში (1.8%) და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების დარგში (1.5%).
ამასთან სტატისტიკური მონაცემებით, საქონლისა და მომსახურების გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2022 წელს 2 მილიარდ 107 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5.7%-ითაა გაზრდილი.
პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (32.7%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (27.1%), განათლების (13.4%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (12.5%), და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (4.3%) დარგის ორგანიზაციები.
გასულ წელს არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 55.2 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 52.9% ქალია, ხოლო 47.1% კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ 1.1%-თაა გაზრდილი.
დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 26.4% – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 23.7% - ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის ორგანიზაციებზე, 14.5% - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 13.1% - სხვა სახის მომსახურების დარგის ორგანიზაციებზე, 11.5% - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 5.1% - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 5.7% სხვა დარგებზე ნაწილდება.