2022 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 779.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.7%-ით აღემატება.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის 2022 წლის შედეგების მიხედვით, ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1% ქალია, ხოლო 56.9% - კაცი.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.3% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.8% - მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 726.2 ათასი კაცი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით - 5.5%-ით მეტია. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 14 მილიარდ 284 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასულ წელთან შედარებით - 25.8%-ით მეტია.
გასული წლის განმავლობაში, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურებაც გაიზარდა. 2022 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 605.9 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით 258.3 ლარით მეტია. მათ შორის ქალების ხელფასი 1 264 ლარი იყო (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 199.6 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 822.4 ლარი,
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 862.2 ლარი,
⦁ მცირე ბიზნესი – 1 187.2 ლარი.
2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 28.5%, 12.2% და 10%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.5%), მშენებლობის (8.4%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების (5%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდებისა დარგის საწარმოებზეც (4.8%).