მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ წელს მსოფლიოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ $2.2 ტრილიონს მიაღწია - UN Tourism

რომი

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, 2025 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გლობალურად 1.9 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ტურიზმიდან მიღებული მთლიანი საექსპორტო შემოსავალი (შემოსავლებს + მგზავრთა გადაყვანა) კი 2.2 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული - ამის შესახებ UN Tourism-ის 2026 წლის პირველ ბარომეტრში ვკითხულობთ.

ორგანიზაციის მონაცემებით, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება: მაროკოში (+19%), კორეის რესპუბლიკაში (+18%), ეგვიპტეში (+17%), იაპონიასა (+14%) და სხვა ქვეყნებში. შემოსავლები გაეზარდათ მსოფლიო ლიდერებსაც: დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს (+9%), ესპანეთს (+7%) და თურქეთს (+6%).

დანახარჯების კუთხით კი აქტიურობენ მსხვილი ბაზრები: აშშ (+8%), საფრანგეთი (+4%), ესპანეთი (+16%) და სამხრეთ კორეა (+10%).

ბარომეტრის მონაცემებით 2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 4%-ით გაიზარდა და 1.52 მილიარდი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს თითქმის 60 მილიონით აღემატება.

ორგანიზაციის ცნობით, ეს რიცხვები ზრდის პანდემიამდელ ტენდენციებთან დაბრუნებაზე მიუთითებს, როდესაც, 2009-2019 წლებში, წლიური ზრდა საშუალოდ 5%-ს შეადგენდა. შედეგი განაპირობა მოგზაურობაზე მაღალმა მოთხოვნამ, მსხვილი ბაზრების აქტიურობამ და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის აღდგენის განგრძობადმა პროცესმა. 2025 წელს საერთაშორისო ტურიზმს ხელი ასევე შეუწყო საჰაერო მიმოსვლის გაზრდამ და სავიზო რეჟიმების გამარტივებამ.

2026 წელს საერთაშორისო ტურიზმის 3-4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა გაურკვევლობა და მიმდინარე დაძაბულობა სექტორისთვის რისკად რჩება. UN Tourism-ის ექსპერტთა პანელის გამოკითხვით, რესპონდენტთა 58% 2026 წლისთვის უკეთეს შედეგებს პროგნოზირებს, 31% - მსგავსს, ხოლო 11% - უარესს.

მთავარ გამოწვევებად ეკონომიკური ფაქტორები, მგზავრობის მაღალი ღირებულება და გეოპოლიტიკური რისკები სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია შემცირდა, ტურისტულ სერვისებზე ფასები ისტორიულ სტანდარტებთან შედარებით კვლავ მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები