2025 წელს საქართველოში 161.4 მილიონი ლარის ღირებულების 7,749 ტონა კარაქი (58.7 მილიონი აშშ დოლარი) შემოვიდა, იმპორტის საშუალო ღირებულებამ კი 1 კილოზე 20.8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
სააგენტომ FMCG (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონელი) ბაზრის მიმდინარე მონიტორინგთან ერთად, შეისწავლა სამომხმარებლო კალათის შემადგენლობაში შემავალი საქონლის იმპორტის ბაზრების მაჩვენებლები. შეფასებისათვის შეირჩა კარაქის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, მაკარონის, ბრინჯის, ქათმის ხორცისა და შოკოლადის იმპორტი. ანგარიშის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში აღნიშნული საქონლის მოხმარება მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული, იმპორტის ბაზრებზე არსებული ტენდენციები წარმოადგენს FMCG ღირებულების ჯაჭვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და დიდ გავლენას ახდენს, როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ასევე ფასების ფორმირებაზე.
იმპორტიორი კომპანიების მიხედვით შეფასებისას, იკვეთება, რომ 10 წამყვანი ეკონომიკური სუბიექტის წილი კარაქის მთლიან იმპორტში 82%-ს, წამყვანი 5 კომპანიის წილი - 67%-ს, ხოლო 3 წამყვანი კომპანიის წილი - 55%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალჰირშმანის ინდექსი (HHI) 1,435 ერთეული იყო, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
რაც შეეხება ქვეყნების განაწილებას მთლიან იმპორტში, წამყვან პოზიციაზე საფრანგეთი, პარაგვაი და ირანია. საქართველო ყველაზე მეტ კარაქს სწორედ ამ ქვეყნებიდან ყიდულობს. 2025 წელს წამყვანი 5 ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში 71%-ს შეადგენდა, მათ შორის საფრანგეთი - 31%, პარაგვაი - 12%, ირანი -11%, ურუგვაი - 11%, ხოლო ფინეთი - 7%.
ანგარიშში წარმოდგენილია ფასებიც საიმპორტო ბაზრების მიხედვით. 2025 წელს, საფრანგეთიდან იმპორტირებული 1 კილო კარაქის საშუალო ფასი - 27.3 ლარი იყო, რაც 31%-ით აღემატება მთლიანი იმპორტის საშუალო ღირებულებას (1 კგ - 20.8 ლარი). ფინეთიდან იმპორტირებული კარაქის საშუალო ფასი 25.3 ლარი იყო (22%-ით აღემატება საშუალო მაჩვენებელს). პარაგვაიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ - 16.5 ლარი, ირანიდან იმპორტირებულის - 13.7 ლარი, ხოლო ურუგვაიდან იმპორტირებულის - 18.4 ლარი შეადგინა.




























