საქართველოში მოქმედი ბრენდული სუპერმარკეტების ქსელების საოპერაციო მომგებიანობა შემცირდა. მიზეზი საერთო მოგების მარჟის კლება და პერსონალის ხელფასებზე გაწეული ხარჯების ზრდაა - ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის FMCG (ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის) ბაზრის 2026 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვაში.
კვლევის თანახმად, შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა (საოპერაციო მომგებიანობა) გასული წლის 5.4%-დან 4.%-მდე შემცირდა.
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების განმარტებით, მომგებიანობის კლება ორმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა:
- საერთო მოგების მარჟის შემცირება: მაჩვენებელი 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა.
- სახელფასო ხარჯების ზრდა: 2026 წლის პირველ ნახევარში სახელფასო ხარჯების ფარდობამ კომპანიების შემოსავალთან 12.9% შეადგინა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე (12.3%).

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ იჯარისა (4.0%) და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალთან მიმართებით თითქმის უცვლელი დარჩა.
ფინანსური მარჟების შეკუმშვის პარალელურად, ბრენდულ ქსელებში ახალი მაღაზიების გახსნის ტემპი შენელებულია 2025-2026 წლებში, 2021-2024 წლებთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბაზარზე ბრენდული მაღაზიების რიცხვი სულ 41 ობიექტით გაიზარდა.
მიუხედავად მომგებიანობის შემცირებისა, ბრენდული ქსელების ჯამური შემოსავლები მაინც გაიზარდა (+12.8% წლიურად) და 5.4 მილიარდი ლარი შეადგინა. თუმცა, ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არა ახალი ობიექტების დამატებით, არამედ არსებულ მაღაზიებში გაყიდვების მატებით (LFL ზრდამ 10.3% შეადგინა).
ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ნახევარში მთლიანი FMCG სექტორის შემოსავლებმა 13.1 მლრდ ლარს მიაღწია, საიდანაც ბრენდულ სუპერმარკეტებზე ბაზრის 41.1% მოდის.
























