2025 წელს საქართველომ 59.8 მლნ ლარის მაკარონი და ბრინჯი იყიდა. 1 კილო მაკარონის იმპორტი ქვეყანას 2.8 ლარი, ხოლო ბრინჯის - 2.02 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
სააგენტომ FMCG (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონელი) ბაზრის მიმდინარე მონიტორინგთან ერთად, შეისწავლა სამომხმარებლო კალათის შემადგენლობაში შემავალი საქონლის იმპორტის ბაზრების მაჩვენებლები. შეფასებისათვის შეირჩა კარაქის, მზესუმზირას ზეთის, შაქრის, მაკარონის, ბრინჯის, ქათმის ხორცისა და შოკოლადის იმპორტი. ანგარიშის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში აღნიშნული საქონლის მოხმარება მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული, იმპორტის ბაზრებზე არსებული ტენდენციები წარმოადგენს FMCG ღირებულების ჯაჭვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და დიდ გავლენას ახდენს, როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ასევე ფასების ფორმირებაზე.
მაკარონის იმპორტის მიმოხილვა
2025 წელს საქართველოში შემოვიდა 29.2 მილიონი ლარის ღირებულების 10,331 ტონა მაკარონის, მშრალი პასტის ნაწარმი (10.7 მილიონი აშშ დოლარი). ამ პერიოდში პროდუქტის საშუალო ღირებულებამ 1 კილოზე 2.8 ლარი შეადგინა. იმპორტიორი კომპანიების მიხედვით, მაკარონის ნაწარმის იმპორტის ბაზარი მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირებულია. წამყვანი 10 იმპორტიორი კომპანიის წილი მთლიანი იმპორტის 85%-ს შეადგენს, წამყვანი 5 კომპანიის წილი 75%-ს, ხოლო წამყვანი 3 კომპანიის წილი - 62%-ს.
ამ პერიოდში ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 1445 ერთეული შეადგინა, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
ქვეყნების მიხედვით პროდუქტის შეფასებისას, იკვეთება, რომ მაკარონის ნაწარმი საქართველოში ძირითადად იტალიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის. 2025 წელს მთლიანი იმპორტის 45% იტალიაზე, 22% რუსეთზე, 15% თურქეთზე და 15% აზერბაიჯანზე მოდიოდა. დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება შედარებით უმნიშვნელოა და მთლიანი იმპორტის 3%-მდე შეადგენს. იტალიიდან და რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება აღემატება დანარჩენი ორი ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტის ფასს. იტალიიდან იმპორტირებული საქონლის საშუალო ღირებულება დაახლოებით 47%-ით აღემატება თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქტის ფასს და ორჯერ მეტია აზერბაიჯანიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებაზე. იტალიის შემთხვევაში 2025 წელს 1 კილო მაკარონის საშუალო ფასმა 3.44 ლარი, რუსეთის შემთხვევაში 3.38 ლარი, თურქეთის 2.34 ლარი, ხოლო აზერბაიჯანის 1.69 ლარი შეადგინა.
ბრინჯის იმპორტის მიმოხილვა
გასულ წელს საქართველოში შემოვიდა 30.6 მილიონი ლარის ღირებულების 15.1 ათასი ტონა ბრინჯი (11.1 მილიონი აშშ დოლარი). ბრინჯის საშუალო ფასმა 1 კილოზე 2.02 ლარი შეადგინა.
კომპანიების მიხედვით ბრინჯის იმპორტის შეფასებისას, იკვეთება, რომ ბაზარი დივერსიფიცირებულია. წამყვანი 10 კომპანიის საერთო წილი მთლიანი იმპორტის ღირებულებაში 80%-ს შეადგენს, 5 წამყვანი კომპანიის წილი 65%, ხოლო 3 წამყვანი კომპანიის წილი 48%-ს.
ამ პერიოდში ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 1011 ერთეული შეადგინა, რაც დაბალ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
ქვეყნების მიხედვით ბაზარი კონცენტრირებულია ინდოეთიდან და პაკისტანიდან იმპორტირებულ პროდუქტზე. 2025 წლის მონაცემებით, ინდოეთზე მოდის მთლიანი იმპორტის ღირებულების 57%, ხოლო პაკისტანზე - 19%. ინდოეთიდან იმპორტირებული ბრინჯის საშუალო ფასმა 2.09 ლარი, პაკისტანიდან იმპორტირებული პროდუქტის საშუალო ფასმა 1.42 ლარი შეადგინა.



























